სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი აშენდება. ინვესტორი ქართულ-ირანული კომპანია GEOPARSია, რომელსაც პროექტის გასახორციელებლად, შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ, სოფელ სუფსაში მდებარე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი გადაეცა. პრივატიზაციის ხელშეკრულება, GEOPARS-სა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმდა.
ხელმოწერის ცერემონიას და პროექტის პრეზენტაციას "ქარვასლაში" საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
„ამ მასშტაბის პროექტს, რა თქმა უნდა, თან ახლავს დასაქმების ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტი და მოხარული ვარ, რომ, როგორც ამ ეტაპზეა ცნობილი, 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ეს არის 800 შეძლებული და წელში გამართული ოჯახი საქართველოში, რაც უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, ეს პროექტი წარმატებით გახორციელდება და მისი შედეგები საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება“, _ აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა მოწვეულ სტუმრებს, კომპანია GEOPARS-ს, ასევე, საქართველოს ელჩს ირანში და ირანის ელჩს საქართველოში, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ლანჩხუთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ნუგზარ ცინცაძის ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ხიდმაღალაზე აშენდება, ყოფილი ტბორების მიდამოებში.
„ადგილობრივი ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ინფორმირებული და პირად საუბრებში შეკითხვებიც გვქონდა, ეკოლოგიური თვალსაზრისით რამდენად უსაფრთხო იქნებოდა ეს პროექტი. დარგის სპეციალისტებისგან ამასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი პასუხები მივიღეთ“, _ გვითხრა ნუგზარ ცინცაძემ.