საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის "გურია", რომელიც უმაღლესი ლიგიდან პირდაპირ გავარდნას გადაურჩა, საპლეი-აუტო მატჩებს საკმაო ცვლილებებით ხვდება.
ჩვენი ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გუნდის მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი ოლეგ ლეშჩინსკი გაუშვა. გარდა ლეშჩინსკისა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, კლუბი ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა მოროზენკომ და მურაშოვმა დატოვეს.
მოროზენკო "გურიაში" გასულ სეზონშიც თამაშობდა და გულშემატკივართა მოსაზრებით, ერთ-ერთი ნატელი წერტილი იყო. ხოლო მურაშოვი, რომელიც არცთუ ისე დიდი ხანია ირიცხებოდა "გურიას" შემადგენლობაში, საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებებს ტოვებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელ ლეშჩინსკის ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ გამოცდილი მწვრთნელი ზაზა ინაიშვილი ჩაანაცვლებს, რომლის სპორტული კარიერა ძირითადად ფოთის "კოლხეთს" უკავშირდება. როგორც ამბობენ, როგორ გაგრძელდება ინაიშვილსა და "გურიას" შორის სამომავლოდ თანამშრომლობა პირველ და ექვს დეკემბერს ჩანიშნულ პლეი-აუტის მატჩების შემდეგ გაირკვევა. აქ "გურია" უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გორის "დილას" დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, ეს გასული წლის მაისიდან მოყოლებული, რაც "ტორპედოსთან" წაგებული მატჩის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია დაითხოვა, "გურიას" სამწვრთნელო შტაბში რიგით მეცხრე ცვლილებაა. მაშინ ლორიას მემკვიდრეობა გია იმნაძემ ჩაიბარა, თუმცა დროებით. ასევე მეტ-ნაკლებად მცირე ხნიანი გამოდგა კახი გოგიჩაიშვილის, ბადრი კვარაცხელიას, გია ჩხაიძის, ვიქტორ დემიდოვის, თემურ მახარაძის და ოლეგ ლეშჩინსკის სამწვრთნელო კარიერა ლანჩხუთის "გურიაში".
ლანჩხუთის გურიას" აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ჩხაიძე ჩვენთან საუბარში ადასტურებს ინფორმაციას "გურიაში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ოლეგ ლეშჩინსკიმ კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო.