ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიურო უკვე დაკომპლექტებულია, რომლის ხელმძღვანელი მაკა გოგიჩაიშვილი იქნება.
წილოსანმა იგი კონკურსის წესით შეარჩია, რომელშიც 50-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა:
_ მართალია, კონკურსში უამრავმა ნიჭიერმა და საინტერესო ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ, რამდენიმე თანამშრომელი შევარჩიე.
მერწმუნეთ, გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ობიექტური ვიყავი და ყურადღება არ მივაქციე იმას, რომ ამ სფეროში კომპეტენტური უამრავი ნათესავი და ახლობელი მყავს.
ბიუროს ხელმძღვანელად ავიყვანე მაკა გოგიჩაიშვილი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს როგორც ლანჩხუთის, ისე ჩოხატაურის ბიუროს. ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა იმან, რომ მაკას სოციალურ სფეროში დიდი გამოცდილება აქვს და გარდა ამისა, პიროვნულად ძალიან გაწონასწორებული და შრომისმოყვარე ადამიანია. დარწმუნებული ვარ იგი შესანიშნავად გაუძღვება ბიუროს საქმიანობას, _ აღნიშნავს ნინო წილოსანი.
დეპუტატის ბიურო ორივე მუნიციპალიტეტში იქნება _ ლანჩხუთში სამი ადამიანი იმუშავეს, ხოლო ჩოხატაურში ორი.
_ ლანჩხუთში სპეციალისტი იქნება ნია კობახიძე, ერთი სპეციალისტის კანდიდატურაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ. რაც შეეხება ჩოხატაურის ოფისს, სპეციალისტი იქნება ახალგაზრდა, პერსპექტიული ადამიანი ანა თავართქილაძე და სახლიდან, ბიუროს საქმიანობაზე იმუშავებს ვალერიან გიორგაძე (გიორგაძე შშმ პირია. ავტ.). ჩემი თანამშრომლები მოსახლეობასთან მუდმივ კონტაქტზე იქნებიან, დახმარებას გაუწევენ მოქალაქეებს და რაც მთავარია, მომაწვდიან ყველა ინფორმაციას, რათა კიდევ უფრო აქტიურად ჩავერთო მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში და მუდმივად ვიყო კონტაქტზე გურიის მოსახლეობასთან, _ ამბობს ჩოხატაურისა და ლანჩხუთის დეპუტატი.