ჩემი და შოკურ მდგომარეობაშია, საავადმყოფოში გადაყვანაზე კი უარს აცხადებს, _ ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების სკოლის საქმის მწარმოებლის ინეზა ხარაბაძის ძმა ენვერ ხარაბაძე.
მისი თქმით, სკოლაში რა ინცინდენტს ჰქონდა ადგილი დაზუსტებით არ იცის, რადგანაც მისი და მომხდართან დაკავშირებით ვერ საუბრობს.
ენვერ ხარაბაძის თქმით, დის დასაკითხად პოლიცია მივიდა, თუმცა, ცუდადაა და ჩვენება ვერ ჩამოართვეს.
„ვერ გადაგვყავს საავადმყოფოში, სასტიკად წინააღმდეგია ამის, შოკურ მდგომარეობაშია. როცა ვცდილობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაველაპარაკოთ, მასზე უკეთესად ხომ არავინ იცის რა მოხდა, შოკში ვარდება, იწყებს ტირილს და ითიშება. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. პოლიცია იყო მოსული დასაკითხად, მაგრამ ჩვენება ვერ ჩამოართვეს, ვერ საუბრობს, ცუდადაა“, _ აღნიშნა ენვერ ხარაბაძემ.
ენვერ ხარაბაძეს პრეტენზიები აქვს სკოლის დირექტორთან და აცხადებს, რომ ავთანდილ ძირკვაძემ სკოლა დაამსგავსა „კლანურ ბუნაგს“ და საათებს მხოლოდ მის მოსაწონ პედაგოგებს უნაწილებს.
ინეზა ხარაბაძე 27 წლისაა და სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში საქმის მწარმოებლად მუშაობს. ის პედაგოგის დავით ხარაბაძის ბიულეტენზე ყოფნის დროს პირველ კლასს კვირაში ოთხ გაკვეთილს უტარებდა. სკოლაში დაბრუნების შემდეგ დავით ხარაბაძემ საათები დაიბრუნა.
როგორც პედაგოგი დავით ხარაბაძე აცხადებს, ინეზა ხარაბაძე გაკვეთილის მიმდინარეობისას კლასში შეუვარდა და თავში ხელკეტი ჩაარტყა. მოგვიანებით კონფლიქტი სკოლის დერეფანსა და სამასწავლებლოში გაგრძელდა, სადაც დირექტორის ინფორმაციით, ინეზა ხარაბაძე 14 მასწავლებელს დაუპირისპირდა და კომპიუტერები დაამტვრია. შეხლა-შემოხლის დროს ხუთი პედაგოგი დაშავდა, რომლებსაც ბათუმში ექსპერტიზაც ჩაუტარდათ. ინეზა ხარაბაძეს დღეს, სკოლის დისციპლინური კომიტეტი სამსახურიდან გაათავისუფლებს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 120-დან 180 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე.
წყარო: "ინტრეპრესნიუსი"