ევა გოცირიძისთვის გაუგებარია თუ რატომ ჩავარდა მისი კანდიდატურა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
გოცირიძის თქმით, ის აკმაყოფილებდა ყველა სავალდებულო კრიტერიუმს და შეესაბამებოდა თანამდებობას.
მისივე ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ ერთადერთი გამოსავალი ხელახალი კონკურსის გამოცხადებაა, თუმცა ევა გოცირიძეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს მიიღებს თუ არა მასში მონაწილეობას.
“პროცედურები ჩატარდა, გასაუბრებები ჩატარდა, სხვა კანდიდატურებთან მე ვერაფერს ვერ გეტყვით არაკორექტული იქნება ჩემი მხრიდან რამის თქმა. მე ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილებით და ცოდნით შევესაბამები ამ თანამდებობას.
"მოსალოდნელია რომ ხელახლა ჩატარდეს კონკურსი, რადგან სია არის უკან დაბრუნებული. სხვა გამოსავალი აღარ ჩანს, სხვა გზა არ ჩანს და ალბათ ასე იქნება,“_ აცხადებს გოცირიძე.
უცნობია დანარჩენი ორი კანდიდატის პოზიცია, ისევე როგორც სტრასბურგში მყოფი მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეფასება. მათ კურიერთან ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს.
საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გიორგი ბადაშვილი, ევა გოცირიძე და ალექსანდრე ბარამიძე წარადგინა, თუმცა სამივე კანდიდატურა მიუღებელი აღმოჩნდა.