მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ პროკურატურას მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებული საჩივრით კიდევ ერთხელ მიმართა.
როგორც გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურასთან განუცხადა, დარღვევები როგორც გაუთქმელობის, ისე სხვა მიმართულებით ფიქსირდება.
”ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვითხოვდით მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევის შედეგად ჩვენი უფლებების აღდგენას, რათა მოგვცემოდა სრული შესაძლებლობა ყოველმხრივ მომხდარიყო მამა გიორგი მამალაძის უფლებების დაცვა, რისი შესაძლებლობაც ამ დრომდე ნამდვილად არ გვეძლევა. ამის ერთ-ერთი ნაწილია ის, რომ ჩვენ დღემდე მოუხსნელი გვაქვს გაუთქმელობის ვალდებულება. ასევე სხვა კუთხითაც არის მხარეთა თანასწორობის პრინციპი დარღვეული, რაც კომპლექსურად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მხარეთა შეჯიბრებითობა და თანასწორობა ვერ ხორციელდება და ყოველმხრივ მისი დარღვევა ხდება. ამის თაობაზე ჩვენ შეტანილი გვქონდა პროკურატურაში განცხადება, საიდანაც უარი მოგვივიდა. ახლა ვასაჩივრებთ. დაველოდებით კანონით დათქმულ სამდღიან ვადას. თუ პროკურატურა გამოფხიზლდება და გადადგამს იმ ნაბიჯს, რომ მაქსიმალურად დაიწყოს მხარეთა თანასწორობის დაცვა, პირველ რიგში, გაუთქმელობის ნაწილში, ხომ კარგი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ თანამშრომლობით დავიწყებთ სტრასბურგის სასამართლოში აღნიშნული საკითხის გასაჩივრებას, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა დარღვეულია. დარწმუნებული ვართ, იქიდან მივიღებთ პასუხს, რომელიც საშუალებას მოგვცემს მამა გიორგი მამალაძის უფლებები სრულად და ობიექტურად დავიცვათ”, _ განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
დეკანოზის ადვოკატთან ერთად მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ეკა ლომიძე.