ეროვნული ჩემპიონატის მეორე ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის „გურიას“ შემადგენლობაში, რომელიც ჩავლილი ორი წრის შემდეგ 16 ქულით მერვე ადგილზეა, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.
როგორც ირკვევა, გუნდის შემადგენლობის დატოვების თაობაზე ერთდროულად გადაწყვეტილება რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო. „გურიას“ ღირსებას: ალექსი ბენაშვილი, ზაურ გოგუაძე, სოსო მალანია, ბერიკა ბარბაქაძე, გიორგი კაშია, ლუკას კამპოსი, ალბერტ სანტოსი, ზია ბარანდოუზი, ოთარ კუსიანი და ვახტანგ კვარაცხელია აღარ დაიცავენ. სავარაუდოდ, კლუბიდან წამსვლელთა რიგებს შეუერთდებიან ლაშა ძაგანია და დავით მეგრელიშვილიც. როგორც ამბობენ, ამ უკანასკნელს შეთავაზება უმაღლეს ლიგაში მოასაპრეზე გუნდებიდან აქვს.
ცნობილია, რომ გუნდის შემადგენლობაში რჩებიან: ალექსი შენგელია, ლაშა კოტრიკაძე, ნოდარ კიკნაველიძე, ვალიკო ტყემალაძე, მაგლიორ ტელა, ირაკლი ხვედელიძე, სანდრო ბახია, ნიკა წერეთელი, ლაშა ლაბაძე და ნიკა ნარიაშვილი.
ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი, გია გურული გუნდის გაძლიერებას ქართველი ფეხბურთელებით გეგმავს, თუმცა, გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე უკრაინელ და ბრაზილიელი ლეგიონერების მოლოდინშიც არიან. ცნობილია, რომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს უკრაინელ მეკარე ანდრეი პოლტავეცთან, რომელიც ახლო წარსულში „გურიას“ შემადგენლობაში ირიცხებოდა.