თბილისის მერიის თანამშრომლის ოთარ აბესაძის ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი:
“დღეს კი შემეცოდა აბესაძე. თანამშრომელიც კი არ იყოო… გოგაშვილი რომ დაგიჭერს ქრთამზე კი ტეხავს. თორემ კორუფციასთან გაკარებული ყველა მძულს, სიბრალული ნულოვანი მაქვს.
ისინი ამ ქვეყანის მიმავალს კლავენ, ისე როგორც სხვა არაფერი” _ წერს ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი – ოთარ აბესაძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2017 წლის მაისში ოთარ აბესაძე საქართველოს მოქალაქეებს ქ. თბილისში მდინარე მტკვარზე, ტივზე არსებული კაფის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო ნებართვების, ქ. თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან, დაჩქარებული წესით აღებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 3000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა. გარდა ამისა, მან ხსენებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ ქ. თბილისის მერიის არქიტექტურის, ქონების და ზედამხედველობის სამსახურებში ყველა საკითხი შეთანხმებული იყო მის მიერ და ტივის მოსაწყობად საჭირო სამუშაოები შეეძლოთ უპრობლემოდ დაეწყოთ. ამასთან, იგი უზრუნველყოფდა, რომ სარემონტო სამუშაოების წარმოებისას არ მომხდარიყო მათი დაჯარიმება ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების მიერ.
მიმდინარე წლის 11 ივლისს ოთარ აბესაძემ ზემოაღნიშნულ ერთ-ერთ მოქალაქეს გამოართვა მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე , საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ოთარ აბესაძე თბილისის მერიამდე განათლების სამინისტროში მუშაობდა _ იგი მინისტრის მრჩეველის თანამდებობას იკავებდა.
დაკავებიდან რამდენიმე საათში მერიამ განცხადება გაავრცელა, რომლშიც აღნიშნულია, რომ აბესაძე ხელშეკრულებით იყო აყვანილი.