ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის პარკში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროექტ “ცოცხალი წიგნების” ფარგლებში, ქართველი პოეტები და მწერლები მკითხველებს შეხვდნენ.
ამჯერად ოზურგეთს ეთერ თათარაიძე, დათო რობაქიძე, ირაკლი შამათავა, ვასო გულეური, ირმა ბერიძე, გაგა ნახუცრიშვილი, ლუკა ბაქანიძე და ნატო ინგოროყვა სტუმრობდნენ
პროექტის ავტორი ქეთევან დუმბაძეა. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები სჭირდება, როგორც წიგნის ავტორებს, ასევე, მკითხველებს. როგორც მან „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ყველანაირად ცდილობენ, პროექტს ჰქონდეს გაგრძელება.
“ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, როდესაც გურიაში ჩამოვდივართ “ცოცხალი წიგნებით“. სამი წელია ეს პროექტი ხორციელდება და მინდა ვთქვა, რომ არაერთი პოეტი თუ მწერალი შევახვედრეთ მკითხველს. ეს საჭიროა, რადგან მკითხველი უფრო ახლოს უნდა იცნობდეს თავის საყვარელ მწერალს თუ პოეტს.“
ქეთევან დუმბაძემ შეხვედრის გამორჩეულ და საპატიო სტუმრად ეთერ თათარაიძე დაასახელა.
ეთერ თათარაიძის თქმით, მისთვის დიდი პატივია თავის მკითხველთან შეხვედრა და სიამოვნებით მიიღო პროექტში მონაწილეობა.
“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მკითხველთან შეხვედრა და კარგია, რომ ეს შანსი დღეს გვაქვს. მინდა ვთქვა, ახალგაზრდებისთვის ეს შეხვედრა საინტერესოა, რადგან შემდეგ დაინტერესდება და აუცილებლად წაიკითხავს წიგნს. ვთვლი, რომ საჭიროა მწერალი და პოეტი უფრო ახლოს იყოს თავის მკითხველთან, _ გვითხრა ეთერ თათარაიძემ.
ქეთევან დუმბაძემ შემოქმედის ბიბლიოეთეკას წიგნები და ჟურნალები გადასცა საჩუქრად.
სოფელ შემოქმედში გამართული შეხვედრის ორგანიზატორი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის სამსახური იყო.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ქალაქ ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში გადაინაცვლეს.