ამ დღეებში საზღვაო სეზონი ძლიერი შტორმით და აქედან გამომდინარე, სახიფათო შემთხვევებით გამოირჩევა. ზღვისპირა კურორტებზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, წყალზე მაშველებმა შავ ზღვაზე შტორმის დროს, 43 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. აქედან, ერთ დღეში გადარჩენილი 30 ადამიანის სიცოცხლე, ურეკის სამაშველო ჯგუფზე მოდის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაბა ურეკში დავით რობაქიძე ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ დამსვენებლის გაფრთხილება ყოველი შტორმის დროს ხდება, მაგრამ მაშველების რჩევა-დარიგებას ნაკლებად ითვალისწინებენ.
“ წელს ურეკში, მაშველების რიცხვი გაორმაგებულია _ 35 ადამიანი არის ზღვისპირა ზოლში. ყველა დამსვენებელი ინფორმირებულია, რომ ამ დღეებში ზღვაში შესვლა არ შეიძლება, მაგრამ არ ითვალისწინებენ. მადლობა ღმერთს, რომ ყველა შემთხვევა მშვიდობიანად დასრულდა“, _ გვითხრა დავით რობაქიძემ
“30 ივლისს, ყველა საგუშაგოზე აღმართული იყო წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. აღნიშნული ალმებისა და მაშველთა სიტყვიერი გაფრთხილების მიუხედავად, დამსვენებლები წყალში მაინც შედიოდნენ, რითაც საფრთხეს უქმნიდნენ, როგორც საკუთარ, ისე მაშველების სიცოცხლეს.
ადამიანთა გადარჩენის ფაქტები დაფიქსირდა ბათუმში (7 ფაქტი), ქობულეთში (5 ფაქტი), ურეკსა (30 ფაქტი) და გონიოში (1 ფაქტი). გადარჩენილებს შორის იყო 13 წლის მოზარდიც – სომხეთის მოქალაქე.
ამ დროისთვის, შავ ზღვაზე საშტორმო მდგომარეობა კვლავ ნარჩუნდება. უსაფრთხო ცურვისთვის საჭირო პირობების აღდგენისთანავე, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შავ ზღვაზე არსებულ ყველა საგუშაგოზე თეთრი ალმები აღიმართება“, _- ნათქვამია შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.