,,სემეკის“ კომისიის წევრების ხელფასი პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასებზე საკმაოდ მაღალია.
თბილისის მერის თანამდებობაზე დავით ნარმანიას ანაზღაურება, დაახლოებით, 3 200 ლარი იყო, სემეკში გადანაცვლების შემდეგ კი, მისი ყოველთვიური შემოსავალი დაახლოებით 10 ათასი ლარით იზრდება.
აქვე გეტყვით, რომ სემეკის მოქმედი თავმჯდომარის, ირინა მილორავას წლიური ანაზღაურება 147 500 ლარია, ანუ თვეში 12 313 ლარი.
შეგეხსენებთ, რომ პარლამენტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ორ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ გოჩა შონიასა და დავით ნარმანიას კანდიდატურებს ერთხმად დაუჭირა მხარი. გოჩა შონია და დავით ნარმანია 83-83 ხმით აირჩიეს.
სემეკის წევრობის კანდიდატურები პარლამენტს დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ მაჭარაძემ წარუდგინა. მაჭარაძემ პარლამენტს მათი ბიოგრაფიისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.