პარლამენტში მოქალაქე მაია რობაქიძის საკანონმდებლო ინიციატივა დარეგისტრირდა, რომლის თანახმადაც, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტს მოუწევს იმსჯელოს, აუკრძალოს თუ არა სააღმზრდელო საქმიანობა აივ ინფექციით და C ჰეპატიტით დაავადებულ პირებს.
ამ წინადადების განხილვა პარლამენტის ბიურომ ჯანდაცვის კომიტეტს დაავალა.
კანონპროექტით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სამინისტროში უნდა შეიქმნას აღმზრდელთა სახელმწიფო რეესტრი. რეესტრით სარგებლობის შესაძლებლობა შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ, ნებისმიერ პირს ექნება. რეესტრში მოსახვედრად აღმზრდელად მუშაობის მსურველმა პირმა სახელმწიფოს ხარჯზე უნდა ჩაიტაროს ანალიზები აივ ინფექციაზე, C ჰეპატიტზე და ტუბერკულოზზე.
ინიციატივის მიხედვით, ანალიზებში უარყოფითი პასუხების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის გასაუბრებას, ასევე როგორც სამედიცინო და ფსიქოლოგიურ, ისე სამართლებრივ ტრენინგს. ერთიან ბაზაში მოსახვედრად კი საბოლოოდ მას გამოცდის ჩაბარებაც მოუწევს.