ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში ადგილობრივ მცხოვრებთა შეკრება გაიმართა. შეკრებილები საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვენ, აღიარონ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობა. პანკისელები, ასევე, თემირლანის სიკვდილში დამდაშავე პირების დასჯას და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ, _ აღნიშნულის შესახებ რადიო “თავისუფლება” იუწყება. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
„ნათელია, რომ თემირლანის შესახებ გამოსაძიებელი არაფერია და ხელისუფლებას უჭირს შეცდომის აღიარება“ – განაცხადა გარდაცვლილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, ხეობის მოსახლეობა ცდილობს, რომ ხელისუფლებამ შეცდომა აღიაროს. პანკისელებმა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდეს მათთან შეხვედრისა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესებისკენ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 11 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის პანკისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.
მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში.
სუსის ინფორმაციით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმა საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.