პოლიტიკის ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნებისთვის“ ყველაზე ხელსაყრელი საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი იქნება. ამასთან, როგორც პოლიტოლოგი გვეუბნება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აქვს ის თვისებები, რომლებიც სხვა, ნებისმიერი საპრეზიდენტო კანდიდატისგან გამოარჩევს. „გურია ნიუსის“ კითხვაზე _ რამდენად დიდია შანსი იმისა, რომ მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატად კვირიკაშვილი წარადგინოს? _ საყვარელიძე გვპასუხობს, რომ არ იცის, რამდენად რეალურია კვირიკაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენა და დასძენს, რომ პრემიერის შესაძლო გაპრეზიდენტება მხოლოდ ვარაუდია.
,,მიმაჩნია, რომ მმართველი გუნდისთვის ხელსაყრელი იქნება თუ საპრეზიდენტო კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს. იგი საზოგადოებისთვის ცნობადი სახეა, უცხოელი პარტნიორებისთვის ძალიან მისაღები ფიგურაა, აქვს საგარეო ურთიერთობებში გამოცდილება და რაც მთავარია, ოქტომბრის არჩევნებში, რომელსაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ თვისებების გამო, იმაზე დიდი აქვს გამარჯვების შანსი, ვიდრე ნებისმიერ კანდიდატს ,,ქართული ოცნებიდან“,_ გვითხრა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 5 წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას ამომრჩეველი მიიღებს.