ქართველი მოკრივე, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ავთანდილ ხურციძე და „კანონიერი ქურდი“ რაჟდენ შულაია ამერიკაში, მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავეებად ცნეს. აღნიშნულ ინფორმაციას RADIO LIBERTY ავრცელებს.
მათ ბრალი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობაში, ძალადობაში, ქურდობაში, ნაძარცვით ვაჭრობასა და თაღლითობაში ედებათ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული დაჯგუფება ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში, ნევადაში და ამერიკის შეერთებული შტატების მიღმაც მოქმედებდა.
ავთანდილ ხურციძე და რაჟდენ შულაია ამერიკაში სამართალდამცავებმა 2017 წლის ივნისში დააკავეს.
მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.
როგორც გამოცემა THE NEW YORK POST იუწყება, ქართველ მოკრივეს 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოცემა იმ ვიდეოების შესახებაც წერს, რომელიც საქმეში მტკიცებულებების სახით არის წარმოდგენილი. ვიდეოში ჩანს თუ როგორ ურტყამს ავთანდილ ხურციძე სახეში კაცს, რომელმაც სავარაუდოდ შულაიას ერთ-ერთი კაზინოდან ფული მოიპარა.
THE NEW YORK POST ხურციძის და შუალაიას საქმის პროკურორის კომენტარსაც აქვეყნებს, რომელშიც ენდრიუ თომასი ამბობს, რომ “რაჟდენ შულაია ხელმძღვანელი, ხურციძე კი მისი ჯარისკაცი იყო”.
ხურციძის ადვოკატის, მეგან ბენეტის თქმით, შულაიამ და ხურციძემ ერთმანეთი ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყანაში, საქართველოში გაიცნეს, თუმცა თანამონაწილეები არ ყოფილან.