ტყიბულში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ტყიბულის რაიონულ სამმართველოში დღეს იმ პირთა გამოკითხვა გაგრძელდება, რომლებიც შესაძლოა, მინდელის შახტში გუშინდელ შემთხვევაზე ინფორმაციას ფლობდნენ.
პირველი არხის ინფორმაციით, დღეს „საქანახშირის“ ადმინისტრაციის თანამშრომლები და ის მეშახტეები უნდა გამოკითხონ, რომლებიც კონკრეტულ უბანზე მუშაობდნენ. ასევე, შესაძლოა, გამოკითხვაზე დაიბარონ იმ შახტის უბნის ინჟინერიც, სადაც აფეთქება მოხდა.
მინდელის შახტში შემთხვევას გუშინ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი პირი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.