სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებისა და გულგრილობის ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელმა ა(ა)იპ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაკვეთით, სოფელ ფონიჭალაში ბაგა-ბაღის შენობა გაარემონტა, სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში კი ხელოვნურად გაზარდა შესრულებული სამუშაოების მოცულობა და 267 488 ლარი მიითვისა.
„გამოძიების პროცესში ასევე დადგინდა, რომ სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა ევალებოდა დაქირავებულ საზედამხედველო კომპანიას, რომლის წარმომადგენლებმაც, თავის მხრივ, არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები. მათ ისე დაამოწმეს დოკუმენტები, რომ არ მოახდინეს ბრალდებულის მიერ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სამუშაოების მოცულობების ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებთან შედარება. აღნიშნულმა ქმედებამ, სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია და შესაბამისად, განაპირობა თანხის მოტყუებით დაუფლება“,_წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 220-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.