ქალაქ ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის დირექტორი გოგა ტრაპაიძე გმირ ოზურგეთელთა ბიუსტების საპატიო ადგილზე დადგმის ინიციატივით გამოდის და ამასთან დაკავშირებით მის მოსაზრებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
“XX საუკუნის 80-იანი წლებიდან, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო ფაშიზმზე გამარჯვების საქმეში დიდი წვლილის შეტანისთვის საბჭოთა კავშირის გმირის წოდებამინიჭებული: კ. ლესელიძის, პ. ჩანჩიბაძის, ვ. კვაჭანტირაძის, ვ. ლესელიძის, ს. ჩხაიძის, ე. ტუღუშის, ნ. დუმბაძის ბიუსტები, რომელთა დემონტაჟი გახორციელდა 2012 წლის იანვარში. მას შემდეგ ბიუსტები, დაცვის მიზნით, შემოტანილი იქნა ისტორიული მუზეუმის შენობის მარჯვენა ფლიგელში, ხოლო 2016 წლის დეკემბრიდან, მას შემდეგ, რაც დაიწყო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისთვის გადაცემული აღნიშნული ფლიგელის რეაბილიტაცია, ბიუსტები გადმოტანილი იქნა შენობის მარცხენა ფლიგელის ფოიეში. ვიმედოვნებთ, რომ გმირ ოზურგეთელთა ბიუსტებს საპატიო ადგილს მიუჩენენ იმ სკვერში, სადაც დგას ფაშიზმზე გამარჯვების ობელისკი და გმირთა უკვდავსაყოფად ანთია მარადიული ცეცხლი…” _ წერს გოგა ტრაპაიძე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოზიცია საკითხთან დაკავშირებით ასეთია:
“კ. ლესელიძის, პ. ჩანჩიბაძის, ვ. კვაჭანტირაძის, ვ. ლესელიძის, ს. ჩხაიძის, ე. ტუღუშის, ნ. დუმბაძის ბიუსტები, ისტორიული მუზეუმის შენობის ერთ-ერთ ფლიგელში ინახება. 2019 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები სპეციალისტებთან ერთად იმსჯელებენ, რამდენად შესაძლებელი იქნება ძეგლების განთავსება ფაშიზმზე გამარჯვების ობელისკთან”.
გოგა ტრაპაიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ლალი კილაძის ვიდეო მიმართვა მოჰყვა, რომელიც, ასევე, მუზეუმის თანამშრომელია:
“იხსნება ფოლკლორის ცენტრი, ძალიან კარგი საქმეა, დიდებული რემონტი გაკეთდა, რეაბილიტაცია მოხდა და უახლოეს დროში ელოდებიან გახსნას. ყველას გვიხარია ეს ფაქტი, მაგრამ რა ხდება გვერდზე? მუზეუმის შენობას სჭირდება რემონტი. ფოლკლორის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს დაზიანდა მუზეუმის შენობა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია; ცნობილი ექსპონატები, რომლითაც სახელი აქვს განთქმული ოზურგეთს, თანდათანობით ფუჭდება და დროულად მიხედვა ესაჭიროება. ფოტოებსაც ეტყობა, როგორ ანადგურებს ნესტი. ვიცით, რომ იგეგმება ამ პრობლემის გადაჭრა, მაგრამ დროულად უნდა მოხდეს მისი მოგვარება”.
ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლების თქმით, მუზეუმის შენობის წინა და გვერდით მხარეს მიწაა ასაღები, რათა პირველი სართული სრულად გამოჩნდეს. მათი თქმით, მიწა ანესტიანებს მუზეუმის პირველ სართულზე განთავსებულ ექსპონატებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მუზეუმში გასახორციელებელ სარემონტო სამუშაოების შესახებ ამბობენ, რომ გამოცხადდება ტენდერი და მოხდება შენობის რეკონსტრუქცია:
“ამ ეტაპზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, შპს “გეო ანალიტიკის” მიერ მიმდინარეობს ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, რომლის დასრულების შემდგომაც გამოცხადდება ტენდერი და დაიწყება შენობის სრული რეკონსტრუქცია”.