ნატო არ განიხილავს უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სინქრონიზაციის იდეას ორ ქვეყანაში არსებული განსხვავებული სიტუაციის გამო, – ამის შესახებ პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ალეხანდრო ალვარგონსალესმა უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს ჩვენს გეგმებში არ შედის. გადაწყვეტილებას მივიღებთ რეფორმებისა და სიტუაციის გათვალისწინებით, ის კი ძალიან განსხვავებულია. უკრაინისა და საქართველოს სინქრონიზაციის იდეა არ გაგვაჩნია“, – განაცხადა ალიანსის წარმომადგენელმა.
ალვარგონსალესმა ასევე აღნიშნა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმას (MAP) ამჟამად არ აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა, რადგან მთავარია, წლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება. სტოლტენბერგის თანაშემწემ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება გაიხსენა, რომლის მიხედვითაც, საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები.
„ჩვენ დადებითად ვაფასებთ უკრაინის სვლას ამ გზაზე. ეს ეხება სამხედრო შემადგენელსაც, თავსებადობის უზრუნველყოფასაც, დემოკრატიულ რეფორმებსაც. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა წინ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა“, – განაცხადა ალვარგონსალესმა.
რაც შეეხება ნატო-ს წევრობის სამოქმედო გეგმას, ანუ MAP-ს, ამჟამად არ აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა, იქნება თუ არა წევრობის გზაზე სწორედ MAP-ი ან რამე სხვა აბრევიატურა“, – აღნიშნა მან.