25 ოქტომბერს „ვიზეარის“ რეისმა W6 1576 ქუთაისი – ვარშავას მიმართულებით იძულებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
აეროპორტის ადმინისტრაციის ცნობით, ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან.
“ამჟამად შემოწმების პროცესი დასრულებულია. აღმოჩნდა ცრუ განგაში. თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე და მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა”, _ ნათქვამია ქუთაისის აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.