საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა.
მისი თქმით, მეორე ტურის დანიშვნა საქართველოში დამკვიდრებულ მაღალ პოლიტიკურ სტანდარტზე მიანიშნებს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც ხედავს და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გაუყალბებლობის გარანტია.
„ამ არჩევნებით ხალხმა გამოგვიგზავნა შეტყობინება, რისი შეგრძნება გარკვეულწილად თითოეულ ჩვენთაგანს ჰქონდა, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შესაცვლელია.
როგორც ყველა ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, რომ ძალაუფლებამ გადაჭარბებული თავდაჯერება შეგვმატა და შესაბამისად, მთელ რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა ადეკვატური უკუკავშირი, კომუნიკაცია საზოგადოებასთან. ამის შედეგი იყო ის რომ მხოლოდ შიდა კვლევების მონაცემებს ვეყრდნობოდით, რამაც კიდევ უფრო შეასუსტა განწყობების აღქმა.
თუმცა, ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ორგანიზაციისთვის მსგავსი გამოფხიზლება ახალი და ეფექტური რეაგირების სწრაფი ცვლილებების დასაბამია. სწორედ ამაზე საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნების დროს. გუნდში გასაძლიერებელია პოლიტიკური მენეჯმენტი, კომუნიკაცია, ინსტიტუტები, გადაწყვეტილებები უნდა გახდეს უფრო სწრაფი და ეფექტიანი შედეგებზე, ადამიანების რეალური პრობლემების გადაწყვეტაზე. გზავნილი მიღებულია და ჩვენ მზად ვართ ქმედითი ნაბიჯებით ვუპასუხოთ ამ გამოწვევას.
პრობლემებს აქვს ობიექტური მიზეზებიც. მძიმე ეკონომიკურ ფონზე ბოლო რესურსებით ამუშავებულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ და სრულად ნეგატიურმა კამპანიამ თავისი შედეგი გამოიღო.
ჩვენ საპასუხო რეჟიმში ვეკონტაქტეთ ჩვენს ოპონენტებს, რა დროსაც საზოგადოების რეალური პრობლემები გვერდით დარჩა. ის პრობლემები, რასთან გამკლავებასაც მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ“,_განაცხადა კალაძემ.