2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნებმა „ქართულ ოცნებას“ განაჩენი გამოუტანა. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ხალხმა 2012 წელს სახლში გაისტუმრა, დღეს ხელისუფლებაში მოსასვლელად კვლავ ემზადება. არსებობს ვარაუდი, რომ 6 წლის შემდეგ, „ქართული ოცნებამ“ მოახერხა და პოლიტიკური წონით „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუთანაბრდა.
„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომლის გამარჯვების შანსი მეორე ტურის მარათონში საკმაოდ მაღალია, გაპრეზიდენტების შემდეგ განსახორციელებელი გეგმები უკვე გაახმოვანა. ის საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ბაჩო ახალაის, გიორგი ცააძისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების შეწყალებას ჰპირდება.
პოლიტიკის ექსპერტი რამაზ საყვარელიძე სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეებზე საუბრობს. საყვარელიძეს თქმით, საზოგადოება „ქართულ ოცნებას“ აღარ ენდობა და ალტერნატივას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავს“, რაც საზოგადოებაში შუღლის გაღვივების მომასწავებელია.
„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად გაასმაგებული ძალებით დაიწყებს ბრძოლას, რასაც უკმაყოფილება მოჰყვება საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომლისთვისაც მიუღებელი იყო და არის „ნაციონალების“ დაბრუნება. შესაბამისად, მინიმუმ, სამოქალაქო დაპირისპირება გარანტირებული გვექნება.
ნუ დაგვავიწყდება, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკის გარეშეა დარჩენილი, ამიტომ ახლა აქტიურად ცდილობს ქართულ პოლიტიკაში თავის დამკვიდრებას.
„ქართული ოცნების“ მარცხი განაპირობა იმან, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერები საარჩევნო ყუთთან აღარ მივიდნენ. უკვე დიდი ხანია, ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ მიმართ სიმპათიასა და ინტერესს კარგავს. წარუმატებლობის მიზეზი სალომე ზურაბიშვილში კი არა, „ქართულ ოცნებაშია“.
საზოგადოებისთვის საერთოდ უცნობი იყო გიორგი მარგველაშვილი, მაგრამ ამომრჩეველმა მხოლოდ იმიტომ მისცა 60%-ზე მეტი ხმა, რომ ივანიშვილს უნდოდა. ივანიშვილს ახლაც უნდოდა, რომ ზურაბიშვილს ხმები მიეღო, მაგრამ არ გამოვიდა.
ამ საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს თუ საზოგადოებას აღარ გაახსენდება, რა ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.
_ როგორ ფიქრობთ, აღარ ახსოვთ? თუ ამომრჩევლისთვის უკვე სულ ერთია, ვინ იქნება ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ თუ „ქართული ოცნება“ ?
_ აღარ ახსოვთ ან, რიგ შემთხვევაში, აღარ აინტერესებთ.
პირები, რომელთა შეწყალებას „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე აპირებს, საქართველოში მხილებულნი არიან რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისთვის. ალექსანდრე გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პირთა შეწყალებისთვისა და 2007 წლის 07 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევისთვის. ასევე, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრისა და პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებისთვის.
ყოფილი პრემიერსა და შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისთვის, მათ შორის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვისთვის. 2011 წლის 26 მაისს აქციის დარბევისთვის. თანხების მითვისება-გაფლანგვსთვისა და ამომრჩევლის მოსყიდვისთვის.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების გამო იხდის სასჯელს. 2011 წლის სექტემბერში სერგო თეთრაძე, დავით ლონდარიძე, გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლიგინი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებიდან ერთ კვირაში კი თეთრაძე ციხეში გარდაიცვალა.
სასამართლომ ბაჩო ახალაიას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას 2006 წლის მაისში კორტების მიმდებარედ, ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობას და მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან.
საქალაქო სასამართლომ გიორგი ცააძესა და ირაკლი ფირცხალავას განზრახ მკვლელობისთვის 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ცესკო-ს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა _ 38,64 % მოიპოვა, გრიგოლ ვაშაძემ _ 37, 74%; ხოლო დავით ბაქრაძემ _ თითქმის 10.97 %, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.