„მიმდინარე წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდება“, _ ასეთია ლანჩხუთის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის როლანდ ლაშხიას პროგნოზი მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით.
საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, სადაც ლაშხიამ ბიუროს წევრებს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის ათი თვის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა, განმარტა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში ათი თვის მდგომარეობით 90,7%- ით შესრულდა.
,,მინდა გაცნობოთ, რომ 10 ნოემბრის მდგომარეობით, ბიუჯეტი 100% არის შესრულებული. არანაირი ვალდებულება არ დარჩენილა, ყველა მიმდინარე ხარჯი დაფარულია. შემოსავლების დინამიკა გაცილებით დიდია, ვიდრე წინა წლებში. პირველად სრულდება 3 მილიონი გადაჭარბებით მიღებული შემოსავლები, რაც უცხოურ საწარმოთა ქონების გადასახადის გადახდით არის განპირობებული“, _აღნიშნა ლაშხიამ.
ცნობისთვის, 2017 წლის ბიუჯეტი რომ არ ჩავარდნილიყო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს დამატებით 140 ათასი ლარი გამოეყო. 2016 წელს კი ფინანსთა სამინისტრომ წლის ბოლოს 250 ათასი ლარი გამოყო, რაც შემოსავლების ნაწილში აისახა, რომლის ხარჯზეც ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის დაგეგმილი მოსაკრებლის შემცირება მოხდა 250 ათასი ლარით. 2015 წლის ბიუჯეტით ნაკისრი ვალდებულებების სრულად გასახორციელებლად, წლის მიწურულს ფინანსთა სამინისტრომ 200 ათასი ლარი შეაშველა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. ამ წაშველებული თანხით კი გამგეობამ ბიუჯეტით ნაკისრი ვალდებულების სრულად განხორციელებაც და თანამშრომლებისთვის საშობაოდ პრემიალური ანაზღაურების დარიგებაც შეძლო.