საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს საქართველოს საელჩოს კუთვნილი ავტომობილი დაწვეს. Twitter-ზე გამოქვეყნებულ ფოტოს საფრანგეთშის საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა ეხმაურება.
„ეს პარიზში საქართველოს საელჩოს ტერიტორიაა. ვერ ვცნობ დამწვარ მანქანას, შეიძლება ჩემიცაა, რომელშიც 5 წელი ვიჯექი. პუანკარეს გამზირზე, სადაც საელჩოა, დღეს საპროტესტო ბრბომ – პროტესტანტმა ყვითელმა ჟილეტებმა – დაწვეს ჩვენი საელჩოს მანქანა. ეს რა მოსატანია, როცა მთელი კვარტალი – შანზ-ელიზე, ტრიუმფალური თაღი და ცენტრალური პარიზის საუკეთესო ნაწილი – ომის კადრებად გადააქციეს. გინდ დემოკრატია დაარქვით, გინდ რევოლუცია, მაგრამ საფრანგეთზე თავისუფალი ქვეყანა მაინც არ არსებობს.“, – წერს კუდავა Facebook-ზე.
საელჩოს კუთვნილი ავტომობილის დაწვის ფაქტს მედიას დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც უდასტურებენ.
სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აღსაკვეთად საფრანგეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს.
გამოსვლები საფრანგეთში 17 ნოემბერს დაიწყო. აქციის მონაწილეები საწვავზე ფასის ზრდას აპროტესტებენ. ბოლო მონაცემებით, დემონსტრაციაზე დაკავებულთა რაოდენობამ 300-ს მიაღწია. დაშავებულია 110 ადამიანი, მათ შორის 17 სამართალდამცველია. დემონსტრაციებისას დაიღუპა ორი ადამიანი.
საფრანგეთში ბენზინის ღირებულება პირველი იანვრიდან იზრდება. გაიზრდება დიზელის ფასიც. საფრანგეთში ბენზინი ბოლო ერთ წელში 15%-ით გაძვირდა.