პარლამენტის ვიცე–სპიკერი გია ვოლსკის თქმით, უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლა გულდასაწყვეტია:
„ძალიან გული მწყდება _ პირველი შეგრძნება გულდაწყვეტაა. გარკვეულ საკითხებზე სრული უთანხმოება არ ნიშნავს, რომ არ მახსოვს, როგორ მოვდიოდით და როგორ ვიდექით ერთ პოზიციაზე რთულ ვითარებაში.
შეიძლება, საკითხზე ემოციურად ერთნაირი შეხედულება გვაქვს, მაგრამ ანალიზი, რა მოჰყვება ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქციის სახით, ამ საკითხზე ჩვენი შეფასება სხვადასხვანაირია“, _ განაცხადა გია ვოლსკიმ.
დეპუტატი ამბობს, რომ პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა რთულია:
„თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა დასაკარგია, უნდა დაიკარგოს. არ შეიძლება, საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვაზე ინანო და პირველ პლანზე ეს დააყენო. პოლიტიკური მეგობრების დაკარგვა და პოზიციების ასე დაპირისპირება რთულია, რაც საზოგადოებაზეც აისახება მაშინ, როდესაც სიმართლე გაცილებით არაპოპულარულია.
პოზიცია ემოციურად ყველასთვის ერთია, მაგრამ ანალიზიდან გამომდინარე ეკა ბესელიას პოზიცია არასწორია“, _ განაცხადა გია ვოლსკიმ.