2015 წლის მიწურულს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ საკრებულოს სხდომაზე გააჟღერა იდეა, რომელიც ითვალისწინებდა ჩოხატაურში პროფესიული განათლების კერის აღდგენას; ამასთან, ისტორიული დენდროპარკის, ერისთავების ისტორიული სასახლის და ადგილ-მამულის გადარჩენა-დაცვას, რომელიც გორაბერეჟოულის ყოფილი ტექნიკუმის ტერიტორიის ნაწილია.
იმ დროს, ზაალ მამალაძე ამბობდა, რომ “დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა გორაბერეჟოულის ტექნიკუმის აღდგენაზე, თუმცა, განათლების სამინისტროს მიერ დადებული დასკვნის თანახმად, არსებული შენობა გამოუსადეგარია და დემონტაჟს ექვემდებარება. სამაგიეროდ, მდგრადი და ვარგისია იქვე, ოთხიოდ კილომეტრში მდებარე სოფელ ქვემო ერკეთის ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა”.
“მიმაჩნია, რომ რეგიონის და ორივე სოფლის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სასწავლო კორპუსად გამოყენებული იქნას ქვემო ერკეთში მდგარი შენობა, ხოლო საცდელი ნაკვეთები, სასწავლო ბაზა განთავსდეს გორაბერეჟოულში,” _ ამბობდა საკრებულოს თავმჯდომარე და ხაზს უსვამდა, რომ ამ ორი ბაზის შერწყმა-გაერთიანება მომგებიანი იქნება და რაც ყველაზე მთავარია, ეს გამოიწვევს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მიგრაციის შემცირებას:
“ერკეთში, 2000 წლამდე, ფუნქციონირებდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც ასევე ყოველწლიურად 130-150-მდე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტს ამზადებდა. აქაც, ისევე, როგორც გორაბერეჟოულის ტექნიკუმში, დასაქმებული იყო 50-მდე პედაგოგი.
1 0651 კვ.მ მიწის ფართობზე დგას ოთხსართულიანი სასწავლო კორპუსი (საერთო ფართით _ 1 194 კვ.მ) და 3 ორსართულიანი შენობა-ნაგებობა (საერთო ფართით 2 000 კვ.მ). მანძილი ამ ორ სოფელს შორის 4 კილომეტრია. არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩვენი აზრით, პრობლემას არ წარმოადგენს და გაცილებით მომგებიანი იქნება, თუ მოხდება ამ ორი ბაზის შერწყმა-გაერთიანება. შესაბამისად, შეიქმნება ერთი მძლავრი, მრავალპროფილიანი განათლების ცენტრი _ სასწავლო კორპუსებით/კამპუსებით სოფელ ერკეთში და უნიკალური 24 ჰა-ზე გაშენებული საცდელი ნაკვეთებით _ სოფელ გორაში. ეს გამოიწვევს ორი სოფლის და მთელი მუნიციპალიტეტის გამოცოცხლებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მიგრაციის შემცირებას. ასევე, გორაბერეჟოულის უნიკალური კომპლექსის ჩართვას ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი კულტურულ-ისტორიული ცენტრის შექმნაში, რომელიც ამ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში, საგანმანათლებლო, პროფესიული გადამზადების, პრეზენტაციებისა და ახალი იდეების გენერაციის ცენტრად გადაიქცევა.
პროფესიული ტექნიკუმის ყოფილი შენობა გორაბერეჟოულში
რაც შეეხება სოციალურ მხარეს _ ჩოხატაურში 1 500-მდე ოჯახი სარგებლობს სიღარიბის ზღვარს ქვევით პროგრამით. ამ ოჯახებს არ აქვთ ფინანსური საშუალება, მათმა შვილებმა ჩოხატაურის გარეთ სრულფასოვანი განათლება მიიღონ.
ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ოფიციალური მონაცემებით, რომელიც განათლების რესურსცენტრის მიერაა მოწოდებული, ბოლო 3 წლის განმავლობაში 677-მა მოსწავლემ დაამთავრა ჩოხატაურის ზოგად საგანმანათლებლო სკოლები. აქედან, 77-მა მოსწავლემ ვერ შეძლო საატესტატო გამოცდის ჩაბარება; აბიტურიენტებიდან კი, 331-მა ახალგაზრდამ ვერ ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები. ასევე, ოფიციალური მონაცემებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში 54-მა ახალგაზრდამ შეავსო სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული პროფესიული ცენტრების აპლიკაციები, მაგრამ აქედან 20-მა, საბოლოოდ, უარი თქვა, მიეღო პროფესიული განათლება სწორედ სხვაგან ცხოვრებისთვის საჭირო სახსრების უქონლობის გამო.
ამდენად, 410-ზე მეტმა ახალგაზრდამ დაკარგა შანსი მიეღო განათლება, შეეძინა სპეციალობა. მათი უმრავლესობა, როგორც იაფი, არაკვალიფიციური მუშახელი გაედინება მეზობელ ქვეყნებში, სადაც საკმაოდ დაბალი ანაზღაურების ფასად შრომობს, რათა არჩინოს ოჯახი. და ეს მაშინ, როცა ადგილებზე კონკრეტული სპეციალისტების მწვავე დეფიციტია.
დღეს, როცა საქართველოში უდიდესი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, ხდება სასწავლო ობიექტების რეაბილიტაცია, დიდი ყურადღება ექცევა პროფესიულ განათლებას, პროფესიულ გადამზადებას, სოფლის მეურნეობის დარგების სწრაფი განვითარებისთვის საფუძვლის შექმნას, რაც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის. მაგალითისთვის _ სოფლის მეურნეობაში ჩაის რეაბილიტაციის პროგრამა, კოოპერატივების პროგრამა, “აწარმოე საქართველოში”, “დანერგე მომავალი” და მსგავსი პროექტები.
ენერგეტიკის სფეროს თუ ავიღებთ, მხოლოდ გურიაში 10 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, რომლის პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 250 მილიონი ევრო უნდა დაიხარჯოს.
ყველა პროექტის გახორციელებას და მერე ამუშავებას სჭირდება კვალიფიციური მუშახელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აუცილებელი და გადაუდებელია სხვადასხვაპროფილიანი საშუალო სპეციალური განათლების მქონე კადრების მომზადება სწორედ პროფესიული განათლების ცენტრებში. ამ პროცესში მნიშვნელოვანი რესურსია გურიის რეგიონში არსებული მაღალკვალიფიციური კადრები, კვლევითი ინსტიტუტი, რაც რეგიონულ ჰარმონიულ განვითარებასაც შეუწყობს ხელს”, _ აღნიშნავდა 2016 წელს, ჩვენთან საუბრისას ზაალ მამალაძე.
აქ აშენდება პროფესიული ტექნიკუმის ერთ-ერთი კორპუსი
იმავე წელს, საკრებულოს თავმჯდომარემ ეს ინიციატივები პრემიერ-მინისტრს, განათლების მინისტრს, სოფლის მეურნეობის მინისტრს, და ენერგეტიკის მინისტრს გააცნო.
ამ ყველაფრის შემდეგ სამი წელი გავიდა და როგორც ცნობილი გახდა, ჯერ კიდევ წინა მოწვევის საკრებულოს მიერ მხარდაჭერილი იდეა გახორციელების ეტაპზე გადავიდა.
_ უკვე ოფიციალურ დონეზე მიღებულია გადაწყვეტილება, აშენდეს ორი კორპუსი _ გორაბერეჟოულში, ახალი კორპუსის ასაშენებლად გამოყოფილია 2 მილიონ ლარამდე. აქ გაიხსნება სოფლის მეურნეობის სფეროსთან დაკავშირებული ფაკულტეტები. რაც შეეხება მეორე კორპუსს _ ამ შემთხვევაშიც, გადაწყდა, რომ აშენდეს ახალი შენობა, რადგან ერკეთში არსებული შენობების რეაბილიტაცია საკმაოდ ძირი დაჯდებოდა და არჩევანი ახალი, თანამედროვე ტიპის შენობაზე გავაკეთეთ. ეს კორპუსი განთავსდება დაბაში,, გურამიშვილის ქუჩაზე (სოფელ გუთურის მიმართულებით). ეს იქნება ძირითადი კორპუსი, სადაც განთავსდება, როგორც ადმინისტრაცია, ასევე სოფლის მეურნეობის გარდა სხვა ფაკულტეტები, რომლებიც პროფესიულ განათლებას მისცემენ ახალგაზრდებს, _ გვითხრა ზაალ მამალაძემ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, მშენებლობა გორაბერეჟოულში უახლოეს თვეებში უნდა დაიწყოს და წელს უნდა დასრულდეს:
_ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არამარტო ჩოხატაურისთვის, არამედ მთელი გურიისთვის, რომლის გახორციელებაში ამ წლების განმავლობაში ყველა უწყება და უწყების პირველი პირები იყვნენ ჩართულები. არ შეიძლება, გამოგვრჩეს ჩოხატაურის ყოფილი დეპუტატი თემურ ჭკუასელი და მოქმედი დეპუტატი ნინო წილოსანი, ჩოხატაურის მერი, მერიის სამსახურები _ მათთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწიეთ სასურველ შედეგს, _ ამბობს ზაალ მამალაძე.
მისივე თქმით, ამავე დროს, მუშაობა მიმდინარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მეგობარი პოლონეთის ქალაქ ლეჟაესკის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმის გასაფორმებლად:
_ ლეჟაესკში არის ძალიან კარგი პროფესიული სასწავლებელი და მათ ამ მიმართულებით აქვთ დიდი გამოცდილება. უკვე ვმუშაობთ, რომ ჩოხატაურში, ტექნიკუმის გახსნის შემდეგ ამოქმედდეს გაცვლითი პროგრამა და აქაურ სტუდენტებს მიეცეთ შესაძლებლობა პროფესიული ცოდნა გაიღრმავონ პოლონეთში, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა ევროპაში.
აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი _ როგორც ზაალ მამალაძე ამბობს, აღნიშნული პროექტის წარმატებით გახორციელებისთვის აუცილებელია მოქალაქეთა ჩართულობა. სწორედ ამ მიზნით, უახლოეს დღეებში მისი საჯარო განხილვა მოეწყობა, სადაც დასწრება ნებისმიერ პირს შეეძლება:
_ ვგეგმავთ, რომ მოვაწყოთ პროექტის საჯარო განხილვა, სადაც მოვიწვევთ, მოქალაქეებს, დარგის სპეციალისტებს, ადამიანებს, რომლებსაც გული შესტკივათ განათლებაზე, ჩოხატაურზე. ვფიქრობ, ასეთი ადამიანების რიცხვი დიდი იქნება. გვინდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს ამაში, მოგვცენ შენიშვნები, მოგვაწოდონ იდეები, გაგვიზიარონ შთაბეჭდილებები. ჩვენი თვითმიზანი მხოლოდ შენობის აშენება და სტატუსის მინიჭება არაა. ჩვენ დიდი ამბიციები გვაქვს _ გვინდა ეს იყოს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული კერა, რომლის შენებაში ყველას შეგვიძლია თითო აგურის დადება, _ აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.