„სოფელ ხიბულაში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი, გარკვეულწილად, დაკავშირებულია წინასაარჩევნო კამპანიასთან, თუმცა აღნიშნულს, შეიძლება, სხვა დატვირთვაც ჰქონდეს. „ქართული ოცნების“ პიარმენეჯერებმა გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის იმიჯისთვის, თუ ის ერთგვარ პატივს მიაგებდა პირველი პრეზიდენტის ხსოვნას და კონკრეტულ დაპირებებსაც გასცემდა, რაც იქაურ მოსახლეობაში და ზოგადად, საზოგადოებაში დადებითად იქნებოდა აღქმული. ეს იყო ერთგვარი საიმიჯო სვლა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ დამოუკიდებელმა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიაძემ. იგი სოფელ ხიბულაში „ქართული ოცნება“ – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტს გამოეხმაურა, რომელიც საზოგადოებას, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, გაზიფიცირებასთან და წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებასა და ასევე, საბავშვო ბაღის აშენებას დაჰპირდა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სამეგრელოში არჩევნების მოგება გაუჭირდება.
„სამეგრელოს რაიონში „ქართული ოცნებისთვის“ არასდროს ყოფილა ადვილი არჩევნების მოგება. გამომდინარე იქედან, რომ ამ რეგიონში „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ ძლიერი პოზიციები აქვს გამყარებული. შესაბამისად, „ქართული ოცნებისთვის„ სამეგრელო ყოველთვის პრობლემურ რეგიონად ითვლება. მმართველ პარტიას დიდი ძალისხმევის გაწევა მოუწევს იმისთვის, რომ სამეგრელოში არჩევები გამარჯვებით დაასრულოს“, _ აღნიშნა ანჯაფარიძემ.