ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას და თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას, ამჯერად უკვე რეგიონის მასშტაბით ჩატარდა და შეჯიბრებებს ლანჩხუთმა უმასპინძლა.
გურიის სამივე მუნიციპალიტეტის გამარჯვებული მოსწავლეები ერთმანეთს ფეხბურთში, სპრინტში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში, კალათბურთსა და ფრენბურთში შეეჯიბრნენ.
ფეხბურთში გოგონებსა და ვაჟებს შორის პირველობა არავის დაუთმო ლანჩხუთმა. ვაჟებში გამარჯვებული გახდა პირველი, მესამე, ლესისა და ჩოჩხათის საჯარო სკოლების გაერთიანებული გუნდი „გურია“. გოგონებში კი სასულიერო გიმნაზიის, პირველი, მესამე და ჩოჩხათის საჯარო სკოლების გაერთიანებულმა გუნდმა გაიმარჯვა.
ლანჩხუთელმა მოსწავლეებმა: მარიამ ჩხაიძემ და მიხეილ აფხაზავამ პირველი ადგილები აიღეს ჭადრაკში.
სპრინტში კი გამარჯვებულები ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლეები: თიკა ზოიძე და ირაკლი ხუბულოვი გახდნენ.
ლანჩხუთელებმა ასევე იმარჯვეს კალათბურთში. ვაჟთა შორის პირველ ადგილზე პირველი და მესამე საჯარო სკოლების გაერთიანებული გუნდი გავიდა, ხოლო გოგონათა შორის – მესამე საჯარო სკოლისა და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები.
აცანის საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე ჯინჭარაძემ მაგიდის ჩოგბურთში იმარჯვა. ვაჟებს შორის კი აქ გამარჯვებული ჩოხატაურელი მოსწავლე გახდა.
ჩოხატაურის საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა ასევე იმარჯვეს ფრენბურთში და გოგონებსა და ვაჟებს შორის პირველობა არავის დაუთმეს.