მიუხედავად იმისა, რომ დღეს არაერთხელ გვითხრეს სეს-ის გურიის რეგიონულ სამსახურში, რომ სააგენტოს უფროსი ზურა ჩეკურიშვილი ხვალ ჩამოვიდოდა გურიაში, რადგან დღეს მოსვლა ვერ შეძლო, ის საღამოს, ექვსი საათისთვის მაინც მივიდა ოზურგეთში, რეგიონულ სამმართველოში და შალვა პეტრიაშვილი წარუდგინა თამნამშრომლებს.
ჩვენი ინფორმაციით, მან სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელს, ნინო შეწირულს მადლობა გადაუხადა, აღნიშნა, რომ სხვა გეგმები აქვს, მიდისო და წარმატებები უსურვა.
თუ რა მოხდა ასე უცებ, რატომ დაწერა მოულოდნელად განცხადება გათავისუფლებაზე სეწირულმა და რა იყო ამის წინაპირობა, არც ერთი მხარე არ ამბობს.
ნინო შეწირული, როგორც ჩანს, ამავე სფეროში აპირებს დარჩენას, რადგან ასეთი კომენტარი გააკეთა „გურია ნიუსთან“.
„მე ვიყავი და ვიქნები ჩემი ქვეყნის სამსახურში და ჩემი გამოცდილება ამ საქმეში უნდა მოვახმარო ჩემს ქვეყანას“, _ გვითხრა შეწირულმა.