“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის თქმით, მიუხედავად ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების თვალთვალისა, აქციაზე მაინც მოხერხდა ხალხის ჩასვლა რეგიონებიდან.
“ფაქტი ის არის, რომ ხელისუფლება დამფრთხალი და შეშინებულია. დილის 7 საათიდან სოფლებში მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და მიდიოდა თვალთვალი. მე არ მახსენდება ბოლო დროს დილის 7 საათზე პოლიციელების მობილიზება სოფლებში.
ასეთი ქმედებით ყველაფერი ნათელია _ ხელისუფლებას ეშინია აქციების და ხალხის.
დიდი კონტროლი მიდიოდა, ვინ მიდიოდა აქციაზე. მაგრამ ხალხს არ ეშინია მათი თვალთვალის“, _ გვითხრა დავით მჟავანაძემ.
დავით მჟავანაძე ამბობს, რომ აქციაზე საკმაოდ დიდი რაოდენობის ხალხი წავიდა გურიიდან: “ეს არ არის პარტიული აქცია და მინდა ვთქვა, რომ 1 000 ადამიანი წავიდა გურიიდან.
თბილისში დიდძალოვანი აქცია გაიმართება და ამ აქციებს ექნება შედეგი. გადადგეს უნდა ეს უუნარო ხელისუფლება“, _ – თქვა დავით მჟავანაძემ ჩვენთან საუბრის დროს.
მისივე თქმით, რატომღაც შაბათ-კვირა დღეს მოუნდა ხელისუფლებას აღაიანის ტერიტორიაზე სამუშაოების ჩატარება: “იყო შეფერხებები გზაზე, რომ დროულად არ მომხდარიყო ჩვენი ჩასვლა, მაგრამ ხალხმა მაინც გადალახა ეს დაბრკოლებები“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს დავით მჟავანაძემ.