თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულთა ადმინისტრაციული საქმეების განხილვა დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი.
როგორც შსს აცხადებს, აქციის დაშლისას რუსთაველის გამზირზე დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 პოლიციელი. დაშავებულ პირებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.
სპეცდანიშნულების რაზმებმა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ ოპოზიციის აქცია დაშალეს და საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირებული შესასვლელები გაათავისუფლეს. ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა მართავს აქციას, რომლის მთავარი მოთხოვნაც ხელისუფლების გადადგომა და ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.
საქართველოში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართულმა ოცნებამ” არ შეასრულა დანაპირები, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.