„მივეცით პირობა საზოგადოებას, რომ თბილისში ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული და შემიძლია წავიტრაბახო, რომ როდესაც დავამთავრებთ ამ პროექტის გახორციელებას, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსპორტი ეყოლება თბილისს“,_აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქში გამონაბოლქვის თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა და მიკროავტობუსების შეცვლა არსებულ მდგომარეობას ვერ გამოასწორებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტია, იმ სხვა პროექტებთან ერთად, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს.
მერმა ვიცე-მერისგან მოისმინა თუ რა ეტაპზეა მიკროავტობუსების კომპანიასთან მოლაპარაკება.
როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, მისთვის მიცემული ვადიდან მხოლოდ ერთი კვირა გავიდა და დარჩენილ ერთ კვირას ეფექტურად გამოიყენებს.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების კომპანიის ფინანსური პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ის დაიწყო რამდენიმე წლის წინ და სამწუხაროდ, ჩვენამდე, მერიის არცერთმა მენეჯმენტმა ისურვა გამოხმაურება. დალექილი პრობლემები, რომლებიც საკმაოდ მსუყეა და საკმაოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს და ამას დამატებული მიკროავტობუსების ჩანაცვლების ხარჯები, ჩვენი გადასაწყვეტია. გასაგებია, რატომ არ მიიღეს გადაწყვეტილება, რადგან არ იქნებოდა ეს მაშინ პოპულარული. თუმცა, პრობლემას, რომელსაც თვალებში არ შეხედავ, უფრო დამძიმებული სახით მოითხოვს გადაწყვეტას.
კომპანიასთან მაქვს უთანხმოება რაღაც-რაღაცებში, როდესაც კომპანია აცხადებს, რომ ფინანსურ ზარალზე არიან, მე ამას ვარქმევ, რომ კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავლები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია დღეს ზარალზე მუშაობს. შემოსავლები არის იმის საპირწონე, რაც აქვს ხარჯები. თუმცა, ჩანაცვლების საშუალება არ აქვს”,_ განაცხადა ხმალაძემ.