“ნუ ჩაერევი”, “დაგვთვალე”, “მე ჟურნალისტი ვარ და არა მსახიობი”, “თვალი ადევნეთ ეთერს და არა სქრინებს”_ ამ ბანერებით მაუწყებლის თანამშრომლები სიმბოლურად ტელევიზიის შენობის წინ შეიკრიბნენ და ახალარჩეულ დირექტორს გიორგი კოხრეიძეს მოუწოდეს შეწყვიტოს დაუსაბუთებელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია.
“22 ნოემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ დირექტორად აირჩია გიორგი კოხრეიძე. ჩვენ და საზოგადოებაც ყურადღებით ვაკვირდებოდით პროცესს, რომელიც ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაიწყო და შვიდი თვის განმავლობში გრძელდებოდა. ვფიქრობთ, ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო, რომ მაუწყებლის მართვის სადავეები არ აღმოჩენილიყო ხელისუფლების ხელში და სარედაქციო პოლიტიკას არ შექმნოდა საფრთხე. 22 ნოემბერს „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეულმა მრჩევლებმა თამილა დოლიძემ, სოსო სტურუამ და გიგა ჩხარტიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადეს გიორგი კოხრეიძეს. პირველი, რაც ახალმა დირექტორმა გააკეთა, თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, ვინც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციაო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა.
ახალმა დირექტორმა მთელი რედაქცია პოლიტიკური დღის წესრიგით საქმიანობაში, მიკერძოებასა და სპექტაკლების დადგმაში დაადანაშაულა. გვითხრა რომ ვართ მიკერძოებულები, არ ენდობა ჩვენი საქმიანობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებს, მათ შორის არც ეუთოს და არც ბოლოდროინდელ რეიტინგებს. აქედან გამომდინარე, ბატონ დირექტორს ვთხოვთ, შეწყვიტოს დაუსაბუთებნელი ბრალდებები, თვალთვალი, შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და მათი დისკრედიტაცია, ასევე ვთხოვთ, იმ პირებს, ვინც მხარი დაუჭირა გიორგი კოხრეიძეს და მათ, ვინც მისი არჩევის შესაძლებლობა მისცა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ მრჩევლებს გაიზიარონ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებზე“-წერია აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების განცხადებაში.
ფოტოები რომლებსაც “გურია ნიუსი” გთავაზობთ ტელეკომპანია აჭარას ეკუთვნის.