დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვაკიჯვარში, მდინარე ნატანებზე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, სოფლის მოსახლეობა ინვესტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისშივე გამოიკვეთა წინააღმდეგობა, რაც დარბაზში მყოფ ვაკიჯვრელთა შორის სიტყვიერ დაპირისპირებასა და ურთიერთ შეურაცხყოფაშიც კი გადაიზარდა.
ინვესტორის წარმომადგენლები, სოფლის მოსახლეობასთან, როგორც თავად თქვეს, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ატარებდნენ.
მათი განმარტებით, ჰესის აშენების შემთხვევაში, გარდა დასაქამებისა, ადგილობრივებს სთავაზობენ ინვესტირებას სოციალურ პროგრამებში, რაც სოლიდური ფულადი თანხით იქნება გამოხატული. გარდა ამისა, თუ შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, 250 ოჯახს გადაუხდიან 200 კილოვატ საათის დენის თანხას მანამ, სანამ ჰესი იარსებებს.
თუმცა, ეს ადგილობრივებმა სარწმუნოდ არ მიიჩნიეს. ზოგმა ისიც თქვა, ასეც რომ იყოს, ჰესს მაინც არ ავაშენებინებთო.
_ ვინ მოგიწვიათ, რატომ მოხვედით? არ გაგაჩანაგებინეთ, „რა არის ეს „სკოპინგი“ და გეზეშე“ ჯერ ეს აუხსენით ხალხს, თქვენთვის საუბრობთ? _ ისმოდა ინვესტორის წარმომადგენელთა მისამართით.
მოსახლეობის მომხრე-მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთს არაერთხელ მიაყენეს შეურაცხყოფა. ბოლოს ერთმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად, დარბაზი დატოვა.
_ვინც წინააღმდეგი ვართ, გავიდეთ, _ ამ მოწოდებაზე დარბაზი ნახევრად დაიცალა.
ამ საკითხის შესახებ „გურია ნიუსი“ უახლოეს საგაზეთო სტატიაში ვრცლად გიამბობთ.