ბედობის დღესთან დაკავშირებით ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს ბედობაა და დღეს დილით – აუცილებლად უნდა ავდგეთ ადრე, ვისაც ღმერთი სწამს – უნდა ვილოცოთ, ვისაც არა – რამე კარგი ჩავიფიქროთ. ფუი, ეშმაკს და ვივარჯიშოთ ან ვისეირნოთ მაინც, სეირნობისას აუცილებლად შევხედოთ ვინმეს ქუჩაში, ერთი შეხედვით, ძალიან არამსგავსს და თავს დავაძალოთ, გაჭირდება, მაგრამ დავაძალოთ და გავიფიქროთ: მასაც, როგორც მე, უნდა რომ იყოს კარგად, მასაც, როგორც მე, აწუხებს რაღაც დიდი და რაღაც მცირე, ისიც, როგორც მე, ოდესმე გაქრება ამ ქვეყნიდან და მოდი, დღეს თავს ნუ დავესხმები. მერე, სიზარმაცეს კვანტი დავუდოთ და წავიშრომოთ, ორჯერ ფუი ეშმაკს და ცოტა წიგნიც წავიკითხოთ, თუ სხვას ვერაფერს მივაგენით, კვანტურ ფიზიკაზე მაინც – თუნდაც ვერაფერი გავიგოთ, მაინც წავიკითხოთ. ცოტა რამე შევიძინოთ და ვინც ვერ შეიძინა, მასაც ვუწილადოთ – ნუ დავიჯერებთ, რომ ამ დღეს გაცემა არ შეიძლება, დავიჯეროთ იმის, რაც რუსთაველმა გვითხრა: ,,რასაც გასცემ” და კიდევ ისიც, რაც მანვე გვითხრა: ,, რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”. ეს დღე ამ აფროზიმის იყოს.
ხვალ? ხვალაც აუცილებლად ავდგეთ დილით ადრე, ზეგაც, ზეგაც დილით ადრე ავდგეთ, მაზეგაც, ორი კვირის მერეც, სამი თვის მერეც და თორმეტი თვის მერეც დილით ადრე ავდგეთ, ავდგეთ და დანარჩენი, როგორც ტექტსშია.
და სოფელიც აშენდება“, _ წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.