ჩინეთის ქალაქ ჰარბინში კორონავირუსით დაავადებულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა. როგორც ECNS იუწყება, პაციენტი მშობიარობის დროს ორსულობის 38-ე კვირაში იმყოფებოდა.
სააგენტოს ცნობით, 30 იანვარს ექიმებმა მისთვის საკეისრო კვეთით მშობიარობა გადაწყვიტეს, რადგან ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა.
ახალდაბადებული ბავშვი 3.05 კილოგრამს იწონის. ექიმებმა ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აპგარის 10-ქულიან შკალაზე 10 ქულით შეაფასეს.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი ისევ გაიზარდა და 3 თებერვლის მონაცემებით 361 ადამიანს მიაღწია.
ინფიცირებულთა რაოდენობა კი 17 200-ს აღემატება. 2300-მდე პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, 475 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოდან გაწერეს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.