“მოკლედ, ვიცი გაინტერესებდათ, შემომითვალეს, ახალ ამბებში რედაქტორად აღარ ვიქნები. ნინო ხაჟომია მოდის რედაქტორად.“ – ასეთი სახის განცხადება სოციალურ ქსელში აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ახალი ამბების რედაქტორმა მაია მერკვილაძემ გაავრცელა.
მაია მერკვილაძის ამ განცხადებას უცებ მოჰყვა მისი კოლეგების და ჟურნალისტების კომენტარები.
“ ასე და ამგვარად, გრძელდება აჭარის ტელევიზიის გაპარტახება!
ბიძინას ბორდი და კოხრეიძე მარტო აღარ არიან გამპარტახებლების რიგებში უკვე, ახალ ხალხს იმატებენ!
მაიას საინფორმაციოდან გაყვანა, მისი ამ საქმისგან ჩამოცილება არის დანაშაული. ვისაც მასთან არ უმუშავია, ჩემი სიტვების მნიშვნელობას, ბოლომდე ვერ გაიგებს!“ – წერს სოციალურ ქსელში “მთავარი აჭარაში“ წამყვანი და ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა.
“მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურიდან გაჰყავთ. ამ დრომდე ხელშეკრულებას არ აჩვენებენ. დირექტორმა მმართველებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაიკოს არათუ 20-იანის რედაქტორის, ან უბრალოდ რედაქტორის არამედ საერთოდ სხვა პოზიციის ხელშეკრულებას შესთავაზებენ, გაუგებარი, ბუნდოვანი პერსპექტივით და არარსებული რესურსით. აბა ეხლა დაგვაბრალოს იქნებ უმაღლესმა საბჭომ, ბორდმა, დირექტორიანად კივილი და წივილი.“ – ასე შეაფასა მაია მერკვილაძის განთავისუფლება აჭარის ტელევიზიის ახალი ამბები წამყვანმა და ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძე “მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს დროს ამბობს, რომ მაია მერკვილაძისთვის ახალი შემოთავაზება აქვს.
“წინასაარჩევნო პერიოდია და ვალდებულება გვაქვს, რომ გაკეთდეს დებატების სახის გადაცემები ანუ თოქ-შოუ. აქედან გამომდინარე ვაძლევ სრულ თავისუფლებას, რომ ეს საარჩევნო პროექტი გააკეთოს მან.“ – თქვა გიორგი კოხრეიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ამ წინადადებას არ დათანხმდა მაია მერკვილაძე მაშინ რა მოხდება – გიორგი კოხრეიძემ უპასუხა:
“მაშინ ვშორდებით, რაც მე არ მინდა.“ – აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ.
როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი მაია მერკვილაძე გიორგი კოხრეიძის შემოთავაზებას არ დათანხმდება.
“უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო აჭარის ტელევიზიის დირექტორმა.“ – ამბობს მაია მერკვილაძე.