საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი ოჯახის წევრს, შვილს, ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნული დაადასტურა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
„დაგიდასტურებთ იმას, რომ ჩემი მოადგილის ოჯახის წევრს დაუდასტურდა კორონავირუსი. სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოები გაატარა. ყველა ის ღონისძიება რეკომენდაციებით იყო განსაზღვრული. ბატონმა იურიმ თავი შეიკავა ყველა საჯარო შეხვედრისგან, თათბირისგან და ბრიფინგისგან. თვითიზოლაციაშია, რაც ადასტურებს ასევე მის მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ჩატარებული ტესტების შედეგად, ბატონ იურის კორონავირუსი არ დაუდგინდა. შესაბამისად, ამ წყაროთი სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების რისკი არ არსებობს“, – განაცხადა მინისტრმა. მედიასთან მან აღნიშნა, რომ სამინისტრომ რეკომენდაციების შესაბამისად მაქსიმალურად შეზღუდა საერთაშორისო მივლინებები.
10 მარტის დილის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ახალი კორონავირუსით დაავადების სულ 15 შემთხვევა. ერთი პაციენტი საჩხერის კლინიკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.