არასამთვრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 40 წლის კაცს 10 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, კაცმა 16 წლის არასრულწლოვანთან მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალადობის მუქარით, სქესობრივი კავშირი დაამყარა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი დაორსულდა. მათივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში ჩატარებულმა გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ მსჯავრდებული ბავშვის ბიოლოგიური მამაა.
ორგანიზაციის განცხადებით, მომხდარის გახმაურების შემდეგ, დამნაშავის სასაჯელისგან თავის არიდების მიზნით, არასრულწლოვან გოგოს ბრალდებული კაცის 14 წლის შვილზე “დანიშვნა” შესთავაზეს, იმ დათქმით, რომ “ბიჭი 16 წლის რომ გახდება, გოგოს ცოლად მერე მოიყვანს”. გაუპატიურებაში ბრალდებული 2019 წლის ივნისში დააკავეს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ გაუპატიურების ბრალდებით მიმდინარეობდა, რაც 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.