პროკურატურამ გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მომხდარ ფაქტზე ბ.ნ.-ს მიმართ დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში 20 აპრილს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის – მულახის თანამშრომლის ბ.ნ.-ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომლის ბ.ი.-ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
საქმეზე ჩატარებული ღონისძიებებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ზემო სვანეთის მე-2 სასაზღვრო სექტორის – მულახის თანამშრომელმა ბ.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით, მუცლის არეში სხეულის დაზიანება მიაყენა ამავე სასაზღვრო სექტორის თანამშრომელს ბ.ი.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო ბ.ნ. მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
საქმეზე ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებულ იქნა ბ.ნ.-ს და მისი თანამშრომლის ბ.ზ.-ს კუთვნილი ავტომობილები, ასევე დათვალიერება ჩაუტარდა გარდაცვლილის ავტომობილს. ბ.ი-ს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დაინიშნა და ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დაინიშნა ბალისტიკური, ქიმიურ ტოქსიკოლოგიური, ქიმიური ექსპერტიზები, გამოიკითხნენ მოწმეები, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილია და გამოკითხულია გარდაცვლილის მამა. საქმეზე ამ ეტაპზეც ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, ტარდება ყველა სახის აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
გამოძიების მიერ შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე ბ.ნ.-ს მიმართ დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ასევე კანონით დადგენილ ვადაში პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. პარალელურად მიმდინარეობს აქტიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ბ.ნ-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკავების მიზნით.