რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 67 პაციენტია, აქედან 40 პაციენტს დადასტურებული აქვს ინფექცია. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ჰყავთ პირველი გამოჯანმრთელებული.
„ერთი პაციენტი დაგვემატა გუშინ, სამაგიეროდ, ერთ პაციენტზე მოვიდა უარყოფითი პასუხი და დატოვებს კლინიკას. ერთს კი განმეორებითი ტესტი ჩაუტარდება და თუ კვლავ უარყოფითი პასუხი მივიღეთ, ის უკვე ხვალ გაეწერება. ნელ-ნელა დავიწყეთ ხალხის გაჯანმრთელება, რაც ძალიან გვახარებს“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.
რაც შეეხება ახალ პაციენტს, ლევან გოფოძის თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ასევე, საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი აღარ არის, თუმცა ორ პაციენტს სერიოზულად მიმდინარე პნევმონია აქვს, მათგან ერთი ჟანგბადდამოკიდებულია, თანმხლები დაავადებებით. საერთო ჯამში, ორივე ამ პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ითვლება, თუმცა არა კრიტიკულად.
საქართველოში კორონავირუსი 420 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში გადმოიყვანეს.