როგორც გუშინ, ისე დღეს, ახლად გახსნილ ოზურგეთის ბაზარში, დილაადრიან დაიწყეს თერმოსკრინინგი.
ამ საქმის შესრულება ბაზრის დირექციამ მოქალაქე კახა დარსალიას ანდო.
როგორც თავად ბატონმა კახამ გვითხრა, უჭირავს ხელში „პისტოლეტი“ (შუბლის თერმომეტრი) და უმიზნებს ყველას, თან შუბლში.
_ა, ნახეთ, ახლა გავუზომავ სიცხეს აგერ, ზედამხდველობის თანამშრომელს, _ გვითხრა მან და ბაზრის კარებში შემოსულ, ოზურგეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელს, შაქრო ჩანქსელიანს შუბლის თერმომეტრი შუბლისავე ზედაპირზე მიადო.
_ნახეთ, 32 გრადუსს უჩვენებს… იცით, რატომ? – დაიძახა დარსალიამ, თუმცა ჩანქსელიანმა შეაწყვეტინა:
_მართალია, სვანს სიცხე არ ესინჯება, _ ღიმილის გარეშე, სვანური პირქუშობით „დაამშვენა“ თავისი იუმორი ჩანქსელიანმა და გზა ბაზრის სიღრმეში გააგრძელა, დარსალიამ კი გააგრძელა შეწყვეტილი საუბარი:
_უმეტესობას 30 ან 32, ზოგს კი 35 გრადუსი ესინჯება. ნაწვიმარზე თუ ვინმე შემოვიდა… უჰ, იმას 30 გრადუსი აქვს სიცხე. ჰო, რა გაკვირვებული იღიმებით. ახლა ექიმმა ამიხსნა აგერ, მოსული ადამიანი უნდა გააჩერო ხუთი წუთით, განსაკუთრებით თუ წვიმაშია მოყოლილიო, თორემ ზუსტ რიცხვს არ გიჩვენებს ეს „პისტოლეტი“. მარა აქ ვინ გაგიჩერდება მაგდენ ხანს? _გვითხრა დარსალიამ, შუბლის თერმომეტრი კვლავ მოიმარჯვა და მორიგ მოქალაქეს გადაუდგა წინ.
_ჰოო, მთავარია, 37-ს არ ასცდეს, თუმცა გურულიზა არც მაია საშიში, დაბადებიდან ისეც გვცხელა, კაცოო, აი თერმოსკრინინგი გვაკლდა თუ არა კაიაკინგი კაი ხანია ტარდება გურიაში… გურულს რო მაგფერი „პისტოლეტით“ დოუწყებ დევნას, კი იქნება მწვანეში და ტყეში, აბა, წეეწევი თუ? _ ჩაიხითხითა ხორცის მარკეტიდან გამყიდველმა.