დღეს, ჩოხატაურის აგრარული ბაზარი გაიხსნა. ე.წ. საკვირაო ბაზრის გახსნის გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს.
ბაზრის შესასვლელში მოვაჭრეების თერმოსკრინინგი ადრე დილიდან დაიწყო. ბაზრის ტერიტორიაზე კი მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ პოლიციის, ზედამხედველობის, სეს-ის და ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ერთდროულად მოუწოდებენ, თუმცა, ურჩი გურულები მათ არ ემორჩილებიან და საყიდლებზე წამოსულები, დიდი ხნის უნახავი ნაცნობ-მეზობლების მისალმება-მოკითხვასაც კარგა ხანს უნდებიან, ამასობაში კი ბაზრის შესასვლელ ჭიშკართან მოქალაქეების რიგი დგება, სადაც სოციალური დისტანციის დაცვაზე საუბარიც კი ზედმეტია.
“გურია ნიუსი” ნიუსი რამდენიმე მოვაჭრეს გაესაუბრა, რომელთა თქმით, ბაზრის ტერიტორიაზე შემოსვლისას, მათ თერმოსკრინინგთან ერთად, მათი ტრანსპორტი სადიზენფექციო ხსნარით დაამუშავეს და პირბადეებიც გადასცეს.
მოვაჭრეთა შორის არიან უკმაყოფილოებიც, რომელთა თქმით, ადგილზე, სადაც იმ დღიდან დგანან და ვაჭრობენ, რაც ბაზარი გაიხსნა, ედავებიან.
_ ამ ადგილზე წლებია, ვდგავარ. სახლში მოწეული პროდუქციით ვვაჭრობ ქვრივი ქალი. ახლა კი მეუბნებიან უნდა წახვიდე აქედან, აქ ყველით მოვაჭრეების ადგილიაო. ადგილის მეტი რაა ამ ბაზარში, მე რომ არ ამაგდონ”, _ გვეუბნება ქალბატონი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსი, მანანა ერქომაიშვილი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ ბაზარში ადგილები უნდა გადანაწილდეს კონკრეტული პროდუქციის მიხედვით.
“ქალბატონისა და მსგავსი პროდუქციით მოვაჭრეთათვის გამოიყოფა ადგილები, რაც პრობლემას არავის შეუქმნის. ყველა ჩვეულებრივად გააგრძელებს საქმიანობას”, _ გვითხრა მანანა ერქომაიშვილმა.