ქალაქ ლანჩხუთის შემოსასვლელში, სოფელ გვიმბალაურის მხრიდან, სადაც ახალი ტროტუარის მოწყობაა დაგეგმილი, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მრავალწლიანი ნარგავები უნდა მოიჭრას.
როგორც ლანჩხუთის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის კომენტარიდან ირკვევა, უწყებაში არაერთხელ შევიდა განცხადება ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ჭადრის ხეების მოჭრის მოთხოვნით.
“მერიაში არაერთი წერილია შემოსული, რომლითაც ჭადრების მოჭრას ითხოვს მოსახლეობა. ფესვებმა, ლამის, სახლები დააზიანა და სამწუხაროდ, ბევრ ოჯახს შეუქმნა პრობლემა. ვფიქრობ, ახალი პროექტის შემთხვევაში, მათი პრობლემებიც მოგვარდება და ქალაქიც გალამაზდება”, _ განმარტავს მაკა სულაბერიძე ლანჩხუთელთა იმ ნაწილის საყურადღებოდ, ვინც ჭადრების მოჭრას აპროტესტებს.
სულაბერიძისვე განმარტებით, ჟორდანიას ქუჩის ამ მონაკვეთში მერია ახალი ნარგავების დარგვას გეგმავს: “ჭადრების ნაცვლად ძალიან ლამაზი ხეები დაირგვება, რომლებიც დაამშვენებენ ქალაქს, გაკეთდება ტროტუარი და დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა. რა თქმა უნდა, ახალი ნერგები დაირგვება და გაზონებიც გაკეთდება”.
ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე ხეების მოჭრის იდეამ ლანჩხუთელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია _ დავით უსუფაშვილის ლანჩხუთელი თანაპარტიელი რომან ბიწაძე საქმეში მეტ კონკრეტიკას ითხოვს: “თუ იცით, დაწერეთ კონკრეტულად, ვისი სახლია დაზიანებული ჭადრების ფესვებისგან. იმან თქვა, ამან თქვა, არ გამოვა. მით უმეტეს, გვიმბალაურის მიმართულებით თუ გადავაადგილდებით, გზის ხელმარცხნივ მდებარე ჭადრები სახლებისგან ძალიან შორსაა. ერთი ფაქტი ვიცი ქალაქის ტერიტორიაზე _ კოსტავას ქუჩაზე ფისო მეიშვილის სახლია დაზიანებული ცაცხვის გამო. დიდი ხანია, ყველა ინსტანციიდან თანხმობა გაცემულია მის მოჭრაზე, მაგრამ ეს ხე მაინც მოუჭრელია. მოთხოვნა სხვაა და სახლის დაზიანება სხვა. სახლის დაზიანებაზე შესაბამისი აქტი უნდა იყოს შედგენილი”.
ერთ-ერთი, ვინც ლანჩხუთის ცენტრალურ ქუჩაზე ჭადრების მოჭრას აპროტესტებს, საკრებულოს წევრი ამირან გიგინეიშვილია:
“მე რომ მოვჭრა ერთი ჭადარი სადმე, რაც მომივა, ხომ იცით? ბევრი ჭადრის მოჭრა არაა დანაშაული და მხოლოდ სტატისტიკაა? აუცილებლად მოვიკვლევ, რომელი მოსახლეობის მოთხოვნით ნადგურდება ჩვენი წინაპრების ნაწვალები. ყველა სახის წერილობით ინფორმაციას გამოვითხოვ სამსახურებრივი ხაზით და შესაბამისად, ამ დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე ჩამოვყალიბდები კითხვებზე”, _ ამბობს ამირან გიგინეიშვილი.
ჟორდანიას ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე ჭადრის ხეების მოჭრა მიუღებლად მიაჩნიათ სხვა რიგით ლანჩხუთელებსაც:
“რას დაემსგავსა თბილისის, ნინოშვილის და ჟორდანიას ქუჩები, კი ვხედავთ… ულამაზესი ხეივნები იყო და დღეს გადატიალებულია ეს ქუჩები… ამ ჭადრების გაზრდას, წლები სჭირდება, მოჭრას _ წამები! დაფიქრდით!!! ეს არის დანაშაული!
სად არის დაზიანებული, რა უნდა დარგოთ უკეთესი თუ შეშის მარაგი უნდა გაიკეთოთ?! წაიღებს ქარი და მტვერი მაქაურობას. რომელ ქვეყანაში ნახეთ ტროტუარის ფილების დაგებისთვის მთელი ხეივანი გაეჩეხოთ? იქნებ, ინტერნეტში მაინც შეიხედოთ, როგორ აგებენ. ერთი ხის გულისთვის ცენტრალური მაგისტრალი გადაწიეს და აქ მთელ ხეივანს, საუკუნოვან ხეებს უპირებენ აჩეხვას, ტროტუარი რომ გააკეთონ. ასე უფრო ეადვილებათ და იმიტომ.
გვანახონ ერთი, რომელი სახლია ჭადრის ფესვისგან დაზიანებული _ ჭადარს ყველაზე სუსტი ფესვი აქვს. ახლა, ალბათ, “დაზიანებული” სახლების სანაცვლოდ კომპენსაციასაც მოითხოვენ “დაზარალებულები”.
ნინოშვილის ქუჩაზე რომ მოიჭრა ჭადრები, ამას დღესაც ნანობს ის ხალხი. მოჭრიან და სიგრილე სანატრელი გაუხდებათ. ნეტავ, მეტი არაფერი აქვს პრობლემა იმ ხალხს? მარტო ჭადრებია მათი პრობლემა? მიდით, დაამგვანეთ უდაბნოს ის ქუჩა!” _ ამბობენ ფაქტით უკმაყოფილო ლანჩხუთელები.
მოსახლეობის მხრიდან გამოთქმულ უკმაყოფილებას სოციალურ ქსელში ქალაქის ყოფილი მერი სოსო ბოლქვაძეც ეხმიანება, რომელიც ჟორდანიას ქუჩის იმ მონაკვეთზე ცხოვრობს, სადაც ჭადრები უნდა მოიჭრას:
“დიახ, მომხრე ვარ, თუ ახალი ტროტუარები კეთდება, დაირგოს დეკორატიული ნარგავები, თუნდაც ნეკერჩხალი. ვერ გავიგე, მე ვცხოვრობ იქ და სხვა ქუჩის მაცხოვრებელი მიგეგმავს ჩემი სახლის წინ რა უფრო მისაღებია? რა უბედურებაა!!”_ წერს ბოლქვაძე.
აღნიშნულ თემაზე საკუთარ პოზიციას აფიქსირებს ამ ქუჩის კიდევ ერთი მცხოვრები კახა ბოლქვაძე, რომელიც საკრებულოში “ქართული ოცნების” წარმომადგენელია _ იგი თანამოქალაქეებს არწმუნებს, რომ რეაბილიტაციის შემდეგ აქაურობა ბევრად ლამაზი იქნება:
“პირველ რიგში, ეს არის ამ ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის სურვილი და არაერთი ერთობლივი განცხადებაა შესული მუნიციპალიტეტში ამ საკითხის თაობაზე. როგორც იქნა, გადაწყდა და ამისთვის ნუ გვათრევთ, ხალხო, კაბელებით… კაბელი გაკეთდა. აქ ვინც არ ცხოვრობს, ვერ მიხვდება, რა ზიანი მოაქვს ჭადარს. გააჩნია, რა თქმა უნდა, პლიუსები _ წყალს აორთქლებს და ჩრდილი აქვს, მაგრამ სამი თვის განმავლობაში ცვივა ფოთლები და მინდა ვიკითხო, როგორია სამი თვის განმავლობაში, ყოველ მეორე დღეს ქუჩისა და ეზოების დასუფთავება?! სანაგვე ბუნკერში ვერ ჩაყრი და არც უნდა ჩაყარო, მიწაში მთელი წელიწადი არ ლპება, უნდა დავწვათ ფოთოლი? გინახავთ მათი რაოდენობა? მოძრაობა იკეტება და ხალხი კვამლში იგუდება მთელი სამი თვე.
ვიცით ამ ქუჩის მოსახლეობამ, რა დღეშიც ვართ. მოდით,ს ჩვენი ქუჩა ჩვენ დაგვითმეთ! ახლა, რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მხარეს _ ხალხნო, კეთდება ძალიან ლამაზი გაზონები და ტროტუარები, გვინდა გავაშენოთ გაცილებით ძვირფასი და ლამაზი ნარგავები, რომლებიც არ დააზიანებენ არც ღობეს, არც _ ჭიშკარს, არც _ სანიაღვრეს და არც _ გაზონს. ამ ყველაფერს ჭადარი აფუჭებს. თუ არ გჯერათ, მობრძანდით და გაჩვენებთ.
და ბოლოს, მერწმუნეთ, ძალიან ლამაზი ქუჩა იქნება”, _ წერს ბოლქვაძე.