ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფამფალეთში (ვაკიჯვრის თემი) დღეისთვის წყალგაყვანილობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება. სამუშაოებს კომპანია შპს „უნივერსალ ჯორჯია 2008“ ახორციელებს.
მუშაობის პროცესში, ბოლო ორი თვის მანძილზე, მოსახლეობის წარმომადგენლები გამუდმებით დაობენ კომპანიის უდიერ მუშაობაზე. კონკრეტულად კი ამბობენ, რომ სულ აზიანებენ ძველი წყალგაყვანილობის მილებს, რის გამოც წყალი იღვრება, აუზი იცლება და ასეთ გვალვაში ხალხი უწყლოდ რჩება.
_სათავე ნაგებობიდან მომავალ მილს, ფამფალეთის ტერიტორიაზე, ერთგან დამაგრებული ჰქონდა „არკა“. ეს თაღი არეგულირებდა სხვადასხვა უბანში წყლის თანაბრად მიწოდებას. ამათ დააზიანეს მუშაობისას, გაგლიჯეს ეს „არკა“და გააკეთეს უფრო მაღალი. სინამდვილეში კი სოფლის გამგებელმა, გია მდინარაძემ თავის სახლში შეაყვანინა და ჩვენ ასე დაგვტოვა, – გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა მანანა მჟავიამ.
ადგილზე მოსულმა გია მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს იყო სიცრუე და მოითხოვა, მის სახლში წავსულიყავით და გვენახა, რომ „ტყუილს მოკლე ფეხი აქვს“.
_ხალხო, ჭა მაქვს. ეს წყალი ჩემთან საერთოდ არ შემოდის. რაც შეეხება კომპანიის უდიერ მუშაობას, ახლახან მივმართე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას. ასევე კომპანიის ხელმძღვანელებს არაერთხელ ვესაუბრე. ამასთანავე, გვალვაა წყლის დებეტმა იკლო, ხალხი გაღიზიანებულია, მაგრამ მე რატომ მაბრალებთ? უსამართლოდ კისერში გინდათ, მწვდეთ, მაგრამ, საკმაოდ სქელი კისერი მაქვს, “ – უთხრა მან ქალბატონ მანანას.
ბაჩანა ნიჟარაძე, ოზურგეთის საკრებულოს წევრი სოფელ ვაკიჯვრიდან:
_ წყლის სიმცირეს რამდენიმე მიზეზი აქვს. გვალვაა და ძალიან შემცირებულია დებეტი. რაც შეეხება „არკას“, კომპანიის მიერ დაზიანდა და თავადვე უნდა გაეკეთებინათ. თუმცა უფრო მაღალი გაუკეთებიათ და არაერთხელ ვუტხარი, რომ უნდა დამოკლდეს. გია მდინარაძის უბანში ეს მილი საერთო არსედის და ტყუილია, რომ მან დაავალა თაღის გაკეთება. პროექტი მომავალ წელს უნდა დასრულდეს. წყლის გაყვანას, რეზერვუარების მშენებლობას, ახლავს მომენტები, როცა, შეფერხებები წარმოიშობა-ხოლმე. საქმის კურსში ვარ. ახლა მთავარი მიზეზი მაინც გვალვაა. წყალმომარაგება მესამედიც აღარაა. თან მილი რომ გასკდება ან მშენებლობისას ზიანდება, ორმაგად ღიზიანდებიან აქ მცხოვრებლები და სამართლიანადაც _ გვითხრა ნიჟარაძემ.
ვრცელ სტატიას ფამფალეთის პრობლემებზე და გამომწვევ მიზეზებზე, „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ.