ავთანდილ ბილანიშვილმა იგივე „კაწრომ“ საგამოძიებო უწყება რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
მისი გამოკითხვა გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, უწყება ისე დატოვა.
მისი ადოკატის, თამარ აბესაძის განცხადებით, ბილანიშვილმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა.
„მოიხადა მოქალაქეობრივი ვალი იმ გავრცელებული ამაზრზენი ინფორმაციის გამო, წარადგინა ამონაწერი ტელეფონის და სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ იმ პერიოდში უბნიდან არ გასულა და იქ არ იმყოფებოდა.
გამოძიებამ ახლა დაადგინა ვინ არის პირი, ვინც „კაწრო“ ეგონათ. ავთანდილ ბილანიშვლმა დაამტკიცა, რომ იქ არ იმყოფებოდა. ცრუ ინფორმაციები იქნა გაჟღერებული“,_ განაცხადა მან.
მისივე განცხადებით, ბილანიშვილის ამ საქმესთან მიკვრა პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, 22 ივნისს მყვინთავებმა წყალში იპოვეს.
როგორც შემდგომ დადგინდა, გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისიდან ჩასული ახალგაზრდების ჯგუფმა მცხეთა-თბილისის გზაზე წვეულების მონაწილეთა დევნა დაიწყო. სწორედ ამ ღამეს გაუჩინარდა გიორგი შაქარაშვილი.
ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი, თუმცა, მკვლელობის კვალიფიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლები შესაძლოა ექსპერტიზის შემდეგ დამძიმდეს.
საქმის დეტალების გამოკვლევას და მათ შორის შეუსაბამობების დადგენას მედიაც ცდილობს. სწორედ ამ მცდელობებისას გაიჟღერა ავთო ბილანიშვილის, როგორც კრიმინალური საქმის ხელის დამფარებლის და ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის სახელმა.