თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა და შესაძლოა, დღეს განაჩენიც გამოცხადდეს.
ბრალდებულის ადვოკატების თქმით, მოწმეთა ჩვენებებსა და საქმის მტკიცებულებებში რიგი დარღვევები იკვეთება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს და იგი პოლიტიკური ნიშნით იდევნება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებს. დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებს.
გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ საერთაშორისო პარტნიორებიც და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლება პირობას ამ დრომდე არ ასრულებს.
წყარო: mtavari.tv