დღეს, დილით, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში, ერთ მაღალკლასელ მოსწავლეს ტემპერატურა დაუფიქსირდა.
_სკოლაში მოსვლისას გაიარა თერმოსკრინინგი, სიცხე არ ჰქონია. შემდეგ კი, გაკვეთილების მსვლელობისას, მასწავლებელს უთხრა, რომ შეამცივნა. ამ დროს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. სასწრაფოდ გამოვიძახეთ მშობელი. აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს მოსწავლე გადმოჰყავთ სასკოლო ავტობუსით, სადაც ასევე, ასვლისთანავე ტარდება თერმოსკრინინგი. არც მაშინ ჰქონდა ტემპერატურა. ახლა საკლასო ოთახში მოვახდინეთ დეზინფექცირება. ჩვენ ჯანდაცვის რეკომენდაციებს ზედმიწევნით ვასრულებთ. არ მგონია, ეს ტემპერატურა ვირუსს უკავშირდებოდეს, თუმცა ჩვენ გავატარებთ ყველა ზომას, რაც რეგულაციების წესით გვევალება- გვითხრა სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ.
„გურია ნიუსი“ ოზურგეთის სასკოლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა. ჩვენ ვკითხეთ ქალბატონ ლელას, 15 სექტემბრიდან დღემდე, რაც სწავლა დაიწყო, თუ უფიქსირდებათ ბავშვებს ტემპერატურა და ხომ არ ყოფილა კონკრეტულად რაიმე გამოვლენილი ვირუსთან დაკავშირებით.
_რაც სწავლა დაიწყო, კი, დღის განმავლობაში ფიქსირდება სიცხეები. გუშინ ურეკშიც იყო ერთი შემთხვევა. როგორც ვიცით, მაშინვე ხდება მშობლის გამოძახება. ხოლო მშობლის შემდეგ, ექიმი გადაწყვეტს, რა როგორ უნდა მოხდეს. ჩვენ ყველამ ვიცით ეკალდიდის შემთხვევა. დანარჩენი, საბედნიეროდ, ვირუსის შემთხვევა რომ სკოლასთან იყოს გადაკვეთილი, არ ყოფილა. ასევე, ის მოსწავლეები, რომლებსაც სიცხე დაუფიქსირდათ, სკოლაში არ დაბრუნებულან, _ გვითხრა ლელა იმედაშვილმა.