ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რიცხვი იზრდება გურიაში. დღეს დილით “გურია ნიუსი“ წერდა, რომ 24 საათის განმავლობაში 14 შემთხვევა გამოვლინდა გურიაში.
“დღეს დილის მონაცემებით გურიაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თითქმის ყველა შემთხვევა ოზურგეთს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად აღნიშნული შემთხვევები, როგორც ეპიდემიოლოგებმა გვითხრეს, დაბა ლაითურსა და ,, აჭარა ტექსტილში“ მომუშავე ოზურგეთელ მოქალაქეებს უკავშირდებათ. ასევე კოვიდ 19 უკვე დაუდასტურდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელს, რომელიც უკვე ორ კვირაზე მეტია თვითიზოლაციაშია, რადგან მას კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან.“ – აღნიშნა გურიის გუბერნატორმა ზურა ნასარაიამ.
“გურია ნიუსს“ სოფელ ნაგომრიდან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სოფელში 4 შემთხვევა დაფიქსირდა კორონავირუსის. ერთ-ერთი ინფიცირებული გუშინ ეკლესიაში იმყოფებოდა. “გურია ნიუსი“ ამ საკითხზე მუშაობს და დეტალებს გარკვევისთანავე შემოგთავაზებთ. ოთხივე მათგანი ქობულეთის მუნიციპალიტეტში იყო დასაქმებული.