ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, შესაძლოა, დედაქალაქში ზომები გამკაცრდეს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
„ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის და შესაბამისად, შეიძლება, მთავრობამ გადაწყვიტოს ამის შესახებ. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
ცნობისთვის, 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსი 523 ადამიანს დაუდასტურდა, 208 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კოვიდინფიცირების 523 ახალი შემთხვევიდან 194 თბილისში გამოვლინდა, 172 კი აჭარაში.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11794 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6327 ადამიანი, გარდაიცვალა 85 პაციენტი.